Toyota 2020 წელს GR Supra GT4-ს გამოუშვებს

მას შემდეგ, რაც გერმანიაში, ნიურბურგრინგში, SP8T კლასში მესამე ადგილზე გავიდა, Supra ახალი ამბით ბრუნდება. Toyota Gazoo Racing-ი ადასტურებს, რომ 2020 წელს მომხმარებელთა გუნდებისთვის სარბოლო მანქანას გამოუშვებს.


ავტომწარმოებლის მოტორსპორტის ქვედანაყოფის განცხადებით, მათი ეს გადაწყვეტილება განაპირობა მომხმარებელთა იმ მზარდმა მოლოდინმა, რაც მარტში, ჟენევის საერთაშორისო მოტორშოუზე GR Supra GT4 Concept-ის წარდგენას მოჰყვა.

 


ბრენდისთვის ეს ამბავი მართლაც დიდებულია, რადგან სპორტულ მანქანებს საიმედოობას სწორედ ავტორბოლა ანიჭებს, რაც BMW-ს DNA-ზე შექმნილ ახალ Supra-ს ნამდვილად ესაჭიროება.


GR Supra GT4 ეფუძნება საგზაო მოდელს და შექმნილი და წარმოებულია Toyota Motorsport GmbH-ის მიერ. ახალი სარბოლო მანქანის შექმნისას Toyota Gazoo Racing-ი თანამშრომლობდა სამ პარტნიორთან: Ravenol, Pirelli და Akrapovič. Ravenol-ი დაამზადებს ლუბრიკანტებს, Pirelli საბურავებს, Akrapovič-ი კი აირების გამოშვების სისტემას.

 


Supra GT4-ს ფოლადის ძარა და ძლიერი უსაფრთხოების კარკასი ექნება. წინა დიფუზორი და უკანა ფრთა ბუნებრივი ბოჭკოს კომპოზიტებისგან დამზადდება. ენერგიაზე პასუხისმგებელი BMW-ს მიერ დამზადებული 3.0-ლიტრიანი ექვსცილინდრიანი ერთრიგა ტურბოძრავა იქნება. გადაცემათა კოლოფი ავტომატური იქნება, წამყვანი თვლები კი უკანა.

 


Supra-ს საგზაო ვერსიის მსგავსად, GT4-ს ექნება მაკფერსონის საკიდრის საამორტიზაციო დგარი და მრავალკავშირიანი უკანა საკიდარი; საჭით მართვის სისტემა ელექტროა; საბურავები 11 x 18 ინჩია.

 


Supra GT4 გარეგნულად ძალიან ჰგავს გასულ თვეში ნიურბურგრინში გამოჩენილ სარბოლო მანქანას. GR Supra GT4 Concept-ისგან განასხვავებს ექსტერიერის რამდენიმე მცირე კომპონენტი, ინტერიერი კი აბსოლუტურად განსხვავებულია. ტრადიციული საჭე ჩანაცვლებულია ქანჩყურიანი საჭით; ხელსაწყოთა პანელი ძალიან მინიმალისტურია და დამზადებულია ნახშირბადის ბოჭკოსგან.

 


უფრო მეტი დეტალი Supra GT4-ს შესახებ, მათ შორის ფასი, ბაზრები და გამოშვების თარიღი — წლის ბოლოს გახდება ცნობილი. მანქანა შესაფერისი იქნება მსოფლიოს მრავალი ჩემპიონატისთვის.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია