ამერიკელები მანქანას საშუალოდ 11,8 წელს ფლობენ - ახალი კვლევა

ორგანიზაცია IHS Markit-ის მიერ ჩატარებული ახალი კვლევის მიხედვით, ამერიკელები მანქანას ახლა უფრო დიდხანს ფლობენ, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. აღმოჩნდა, რომ ავტომობილის ფლობის საშუალო ხანგრძლივობა აშშ-ში 11,8 წელია.


როგორც კვლევის შედეგად ირკვევა, ყველაზე ძველი მანქანები აშშ-ის დასავლეთ ნაწილშია, სადაც ფლობის ხანგრძლივობა 12,4 წელია. ყველაზე ახალი ავტომობილები კი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილშია თავმოყრილი. ფლობის საშუალო ხანგრძლივობა იქ 10,9 წელია.


რაც შეეხება დეტალებს, ყველაზე დიდი მაჩვენებელი, 16,6 წელი მონტანის შტატშია, ყველაზე პატარა კი ვერმონტში, 9,9 წელი.

 


კვლევაში ასევე გამოიკვეთა სატვირთოების, კროსოვერებისა და SUV-ების პოპულარობა. სამგზავრო მანქანების საშუალო ასაკი წინა წელთან შედარებით 2,2 პროცენტით არის გაზრდილი, სატვირთოების კი 0,1 პროცენტით.


მართალია, გაიზარდა ავტომობილთა ფასიც, მაგრამ როგორც IHS Markit-ი ვარაუდობს, ამერიკელები მანქანას საკუთრებაში უფრო დიდი ხნით ამ მიზეზის გამო არ იტოვებენ. ორგანიზაცია ამის მიზეზად უკეთეს ტექნოლოგიებსა და ზოგადი ხარისხის გაუმჯობესებას ასახელებს.


კვლევის მიხედვით, აშშ-ში ამჟამად 278 მილიონი მსუბუქი ავტომობილია. ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 5,9 მილიონით მეტია.

 


ავტომწარმოებლები შეიძლება შეშფოთდნენ, რომ მომხმარებლები მანქანებს საკუთრებაში უფრო დიდხანს იტოვებენ, მაგრამ ამ ინდუსტრიისთვის ეს ამბავი არც თუ ისე ცუდია. კვლევაში აღნიშნულია, რომ ძველი მანქანები ასაზრდოებს მეორადი ავტომობილების ბაზარს, ისევე როგორც სერვისისა და პროფილაქტიკის ცენტრებს.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია