დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში, ავტომობილების წარმოება აშშ-ში ერთ-ერთ პრიორიტეტად იქცა. პრეზიდენტმა ტარიფები დაუწესა ჩინეთში წარმოებულ მანქანებს და საავტომობილო იმპორტი ეროვნული უსაფრთხოების ერთ-ერთ საფრთხედ დაასახელა.
გამოცემა Cars.com-ი ამერიკაში წარმოებულ ავტომობილთა თავის ყოველწლიურ ინდექსს აქვეყნებს, რომელიც მხედველობაში იღებს ქარხანათა რაოდენობას, რათა განსაზღვროს, რომელი მანქანაა „ყველაზე მეტად“ ამერიკული. კომპანიამ შეისწავლა, სად იწარმოება მანქანები, მათი ნაწილები და ძრავისა და ტრანსმისიის წარმომავლობა. კომპანიამ ასევე გაითვალისწინა საწარმოებში დასაქმებულ ამერიკელთა ოდენობა.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ყველაზე ამერიკული ავტომანქანა Jeep Cherokee აღმოჩნდა, რომელიც ილინოისის შტატის ქალაქ ბელვიდირში იწარმოება და იყენებს ასევე აშშ-ში დამზადებულ ძრავსა და გადაცემათა კოლოფს.
მომდევნო სამი ავტომობილი კი ნამდვილად გაგაკვირვებთ — Honda Odyssey, Ridgeline და Passport-ი. სამივე მათგანი ალაბამის ქალაქ ლინკოლნში იწარმოება და აქვს აშშ-ში დამზადებული მრავალი დეტალი.
მეხუთე ადგილზეა Chevrolet Corvette, რომელსაც სიაში Acura MDX და Honda Pilot-ი მოჰყვებიან. ათეულის ბოლო ადგილებს იკავებენ hevrolet Colorado, GMC Canyon-ი და Acura RDX-ი.
წლევანდელ სიაში ახლები არიან Colorado და Canyon-ი; Cars.com-ის ცნობით, 2019 წელს ისინი უფრო მეტი ამერიკული კომპონენტით აღიჭურვნენ. სამაგიეროდ, ათეულში წელს ვეღარ მოხვდნენ Ford F-150 და Explorer-ი, ისევე როგორც Chevrolet Volt-ი და Ford Taurus-ი.
კვლევის მიხედვით, აშშ-ში 14 ავტომწარმოებელი აწარმოებს 118 სხვადასხვა მანქანას.