Citroen-მა C4 Cactus-ის მემკვიდრესთან დაკავშირებით საკმაოდ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო. მოკლედ რომ ითქვას, არ მოხდება მისი პირდაპირი ჩანაცვლება და ბრენდი Cactus-იც, სავარაუდოდ მოკვდება.
ინფორმაციამ პირველად TopGear-ში გაიჟღერა, რომელიც კომპანიის პროდუქტების ხელმძღვანელს, ქსავიე პეჟოს ესაუბრა.
„აქამდე, ეს მანქანა ჩვენი C-სეგმენტის ჰეტჩბეკებს მიეკუთვნებოდა. ამ სეგმენტის ჩვენი მომავალი მანქანა C4 Cactus-ს ჩაანაცვლებს. ეს Cactus-ის დასასრული იქნება. დანამდვილებით ვიცი, რომ აღსასრული იქნება ამ ავტომობილისთვის, მაგრამ რაც შეეხება სახელს, ჯერ არ ვიცი“.
ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ უნდა ველოდოთ ახალი თაობის C4 ჰეტჩბეკს? სავარაუდოდ, კი. ამისათვის დროც შესაფერისია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეორე თაობის Peugeot 308 უკვე მოძველებულია. ეს უკანასკნელი 2013 წელს გამოვიდა და დანამდვილებით საჭიროებს ახალ თაობას, რათა კონკურენცია გაუწიოს მთავარ მეტოქეებს — Ford Focus-ს, მომავალ Volkswagen Golf-სა და განახლებულ Renault Megane-ს.
თავის მხრივ, Citroen-ის ახალი კომპაქტური ჰეტჩბეკი გამოიწვევს როგორც აღნიშნულ მანქანებს, ისე ევროპის ამ სეგმენტის სხვა ავტომობილებს. გარდა ამისა, შეიძლება ის სულაც არ შემოიფარგლოს მხოლოდ ბებერი კონტინენტით, რადგან როგორც ცნობილია, უახლოეს წლებში Peugeot აშშ-ის ბაზარზე ბრუნდება. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, მის კვალს გაჰყვეს დობილი ბრენდიც (Citroen).
უნდა ითქვას, რომ C4 Cactus ჯერ კიდევ საკმაოდ მომხიბვლელია. კომფორტზე ფოკუსირებული ამ კროსოვერის ფასი გერმანიაში 20 111$-დან დან იწყება, გაერთიანებულ სამეფოში კი 24 290 დოლარიდან.