დიდი ხნის ლოდინის შემდეგ, Mazda თავისი ახალი ძრავის, Skyactiv X-ის შესახებ დეტალებს ამხელს. საქმე ეხება ციფრებს საწვავის ეკონომიისა და CO2-ის გამოყოფის შესახებ. ეს იქნება ბაზარზე პირველი ბენზინის ძრავა, რომელიც გამოიყენებს როგორც ნაპერწკლურ, ისე შეკუმშვით აალებას.
აქამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 2.0-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი Skyactiv X ძრავას 177 ცხენის ძალა ექნებოდა 224 ნიუტონ-მეტრი მაბრუნი მომენტით; კომპანიის ოფიციალური განცხადებით კი ცნობილი ხდება, რომ ამ ძრავზე მომუშავე Mazda3-ის წვის მაჩვენებელი 100 კმ-ზე 5,4 ლიტრი იქნება, CO2-ის გამოყოფა კი 96 გრ/კმ-ზე; ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება ტრანსმისიაზე, საბურავების ზომაზე და ა. შ.
Mazda აცხადებს, რომ ნაპერწკლური და შეკუმშვითი აალების კომბინირების შედეგად, მისი ახალი ძალური გადაცემის სისტემის ტექნოლოგია გაუმჯობესებს საწვავის ეკონომიას და 30 პროცენტით შეამცირებს CO2-ის გამოყოფას, რაც სუპერდაბალი წვის მაჩვენებლით მოხერხდება.
მომავალ Mazda3 Skyactiv X-ს ასევე ექნება მსუბუქი ჰიბრიდული 24V სისტემა, რაც მას საწვავისა მოხმარებისა და გამონაბოლქვის მინიმუმამდე შემცირებაში ეხმარება.
ახალი ძრავა ხელმისაწვდომი იქნება როგორც ჰეჩბეკებზე, ისე სხვა კომპაქტურ მოდელებზე, სტანდარტული ექვსსიჩქარიანი მექანიკური ან ავტომატური გადაცემათა კოლოფით. Mazda3 ასევე შემოგვთავაზებს ოთხივე წამყვანი თვლის მქონე ვერსიას (სრული ამძრავი).
ახალი Mazda3 უკვე ხელმისაწვდომია ევროპის ბაზარზე როგორც ბენზინის, ისე დიზელის ძრავებით. თუმცა, ახალი Skyactiv X ვერსია შემდეგ თვეში გამოჩნდება, როცა კომპანია მის ოფიციალურ ფასსა და სპეციფიკაციათა დეტალებს გვამცნობს.