ფორმულა ერთის ლეგენდა ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფორმულა ერთის სამგზის მსოფლიო ჩემპიონი ნიკი ლაუდა 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.


აგვისტოში ლაუდას ფილტვის ტრანსპლანტი ჩაუდგეს. ოჯახის განცხადებით, იგი 20 მაისს, მშვიდად გარდაიცვალა.


ლეგენდარულმა ავსტრიელმა ავტომრბოლელმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული 1975 და 1977 წელს Ferrari-ს სახელით მოიპოვა, 1984 წელს კი McLaren-ისთვის.

 


ბევრს მან თავი სამუდამოდ დაამახსოვრა 1976 წელს გერმანიის გრან-პრიზე ასპარეზობისას ავარიაში მოხვედრით, რომლის შემდეგაც იგი სრულიად გამოჯანმრთელდა და კვლავ რბოლას დაუბრუნდა.


ახალმა თაობამ ლაუდა გაიცნო 2013 წლის ფილმით „რბოლა“, რომელიც მისი ცხოვრების შესახებ არის გადაღებული და დეტალურად აღწერს მის მეტოქეობას 1976 წლის მსოფლიო ჩემპიონთან, ბრიტანელ მრბოლელ ჯეიმს ჰანტთან.

 

ვინ იყოი ნიკი ლაუდა?


ლაუდა 1949 წლის 22 თებერვალს ვენაში დაიბადა. კარიერის დასრულების შემდეგ, ლეგენდარული ავტომრბოლელი წარმატებული ბიზნესმენი გახდა.


1976 წლის 1-ელ აგვისტოს, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, გერმანიის გრან-პრიზე, ქალაქ ნიურბურგრინში ის ავარიაში მოჰყვა. მისი მანქანა მთლიანად დაიწვა. ლაუდამ თავისა და სახის მესამე ხარისხის დამწვრობა მიიღო. ტოქსიკურმა აირებმა მძიმედ დაუზიანა ფილტვები.

 


ექიმები ლაუდას გადარჩენის იმედს არ იძლეოდნენ, მაგრამ თითქმის სასწაულებრივად ის მდგომარეობიდან გამოვიდა, გამოჯანმრთელდა და სულ რაღაც 40 დღეში რბოლას დაუბრუნდა.


ავტომრბოლელის კარიერის დასრულების შემდეგ, ლაუდამ ავიაკომპანია დააფუძნა. ბოლო წლებში იყო ფორმულა ერთის Mercedes-ის გუნდის არაღამასრულებელი თავმჯდომარე.


ბოლო წლებში ლაუდას ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუარესდა, 2018 წლის აგვისტოში კი ფილტვების ტრანსპლანტი ჩაუდგეს.


გადანერგილი ჰქონდა ორივე თირკმელიც. მეორე თირკმელი ლაუდას 2005 წელს მაშინდელმა მისმა მეგობარმა ქალმა, ბირჯიტ ვეცინგერმა მისცა, რომელიც მის ავიაკომპანიაში ბორტგამცილებლად მუშაობდა. 2008 წელს წყვილმა იქორწინა. 2009 წელს მათ ტყუპები შეეძინათ. წინა ურთიერთობებიდან ლაუდას კიდევ სამი ვაჟი ჰყავს.

 


2019 წლის იანვარში, ლაუდა გრიპის დიაგნოზით საავადმყოფოში მოხვდა.


ყოველდღიურ ცხოვრებაში ნიკი ლაუდა თავმდაბალი, პრაქტიკული და პირდაპირი იყო. მისი მხრიდან ქედმაღლობას ვერავინ იხსენებს. იყო თბილი, მეგობრული, იუმორის მქონე, ხშირად ხუმრობდა საკუთარ თავზე.


ლაუდას გარდაცვალებას მთელი მსოფლიო ეხმაურება.


Mercedes-ის გუნდის განცხადებით, მათ დაკარგეს შეუცვლელი თავმჯდომარე, რომელმაც ფორმულა ერთში უდიდესი სიცარიელე დატოვა.


„ჩვენ დავკარგეთ არა მხოლოდ გმირი, არამედ ადამიანი, რომელმაც თანამედროვე ფორმულა ერთს სიზუსტე და გულწრფელობა მოუტანა. დიდი პატივი იყო, რომ მას ჩვენი თავმჯდომარე ერქვა“, — აღნიშნავს Mercedes-ის გუნდის ხელმძღვანელი ტოტო ვოლფი.


McLaren-ის გუნდი რომლის სახელითაც ლაუდამ ჩემპიონობა 1984 წელს მოიპოვა, Twitter-ზე წერს, რომ იგი მათ ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.


Ferrari-ს ფორმულა ერთის გუნდი კი, რომლის სახელითაც ლაუდა ჩემპიონი 1975 და 1977 წელს გახდა, აღნიშნავს, რომ ის სამარადისოდ დარჩება მათ გულებში.

 


ნიკი ლაუდას გარდაცვალებას ეხმიანებიან სხვა ავტომრბოლელებიც.


ყოფილი ჩემპიონი, ბრიტანელი ჯენსონ ბატონი მას „ლეგენდას“ უწოდებს, კიდევ ერთი ყოფილი ჩემპიონი ნიკო როსბერგი კი ქედს იხრის მისი „გატაცების“, „მებრძოლი სულისა“ და „ახალგაზრდა თაობისადმი გამოჩენილი მოთმინებისადმი“.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია