2019 წლის მარტში, ჟენევის მოტორშოუზე წარმოდგენილი მხოლოდ ერთ ეგზემპლარად შექმნილი Bugatti La Voiture Noire მაშინვე გახდა მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული მანქანა. მისი ფასი დაახლოებით 19 $ მილიონი იყო.
თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰიპერქარის საიდუმლო მყიდველი VW Group-ის ყოფილი თავმჯდომარე ფერდინანდ პიეჩი გახდა. თუმცა, როგორც ესპანური გამოცემა Marca იუწყება, ამ ავტომობილის იღბლიანი მეპატრონე კრიშტიანუ რონალდუა.
თუ ეს ცნობა სიმართლეს შეესაბამება, რონალდუს მოცდა 2021 წლამდე მოუწევს, რადგან Bugatti ავტომობილზე მუშაობას სწორედ ამ დროს დაასრულებს.
La Voiture Noire წარმოადგენს Type 57 SC Atlantic-ის თანამედროვე ვერსიას. ცნობილია, რომ მას 8.0-ლიტრიანი ოთხმაგი ტურბო W16 ძრავა ექნება, რომელიც 1,479 ცხენის ძალას გამოიმუშავებს და აქვს 1600 ნიუტონ-მეტრი ძალის მომენტი, ზუსტად ისე, როგორც Chiron-ს.
თუკი რონალდუ ორი წლის შემდეგ მართლაც გახდა ამ მანქანის მფლობელი, ერთ ეგზემპლარად შექმნილი ეს Bugatti ნამდვილად დაამშვენებს მის წარმოუდგენლად ძვირიან კოლექციას. 2016 წელს, მას შემდეგ, რაც პორტუგალიის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატი მოიგო, ტურინის „იუვენტუსის“ ფორვარდმა Veyron Grand Sport-ი იყიდა. ცნობილია ისიც, რომ სხვა მრავალ ეგზოტიკურ მოდელთან ერთად, რონალდუ ასევე ფლობს Chiron-ს.