Nissan-ი პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღსადგენად 100 000 ევროს გაიღებს. 850-წლის კათედრალში ხანძარი 15 აპრილს გაჩნდა, მთლიანად დაიწვა სახურავი, თუმცა, ტაძრის ძირითადი სტრუქტურა განადგურებას გადაურჩა. გარდა ამისა, იაპონური ავტომწარმოებელი ამ ნაბიჯით ასევე ცდილობს ურთიერთობის აღდგენას Renault-სთან და საფრანგეთის მთავრობასთან.
როგორც ავტომწარმოებლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „Nissan-ის შემოწირულობა მადლიერების ნიშანია Nissan Europe-სა და Renault-ში დასაქმებული ადამიანებისადმი, ისევე როგორც მთლიანად საფრანგეთის ხალხისადმი“.
საფრანგეთის მთავარი კათედრალის აღსადგენად ჯამში მილიარდზე მეტი ევრო უკვე გაიღეს დიდმა კომპანიებმა თუ შეძლებულმა ადამიანებმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის პირობა დადო; ამისათვის ჯამში 500 მილიონამდე ევრო დაუყოვნებლივ გაიღეს ფრანგული კოსმეტიკის ბიზნესში ჩართულმა მილიარდერებმა. მაკრონის განცხადებით, ტაძრის აღდგენას ხუთი წელი დასჭირდება.
ამ ეტაპზე, Nissan-ი და Renault ცოტა ხნის წინ მათ ირგვლივ წარმოქმნილი პრობლემების გადალახვას ცდილობენ. სიტუაცია მას შემდეგ გამწვავდა, რაც გასული წლის ნოემბერში, იაპონიაში დააპატიმრეს მათი ალიანსის თავმჯდომარე კარლოს გოსნი. იაპონია მას გადასახადების დამალვას ედავება.