Jaguar-ის დიზაინის ხელმძღვანელს თავის მანქანებში გიგანტური, iPad-ის მსგავსი ეკრანები არ სურს

მანჰეტენზე, მოდიფიცირებული Jaguar XE-ს პრეზენტაციის დროს, Jaguar-ის დიზაინის დირექტორმა იან კალუმმა განაცხადა, რომ მას არ მოსწონს მანქანებში ჩამონტაჟებული დიდი, 12-ინჩიანი iPad-ის მსგავსი ეკრანები.


„მე თუ მკითხავთ, არა“, — განაცხადა მან, როცა ჰკითხეს, გეგმავს თუ არა ბრიტანული ავტომწარმოებელი თავის უახლეს მოდელებში ასეთი დისპლეების ჩამონტაჟებას. მას არაფერი კარგი არ უთქვამს გიგანტური სენსორული ეკრანების შესახებ, რაშიც ნამდვილად მოწინავეა Tesla თავის Model S-ით.

 


„თუ 130-150 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობთ, რაც დასაშვებია ზოგიერთ ქვეყანაში, გვერდითა სარკეების გახედვისკენ ან სავარძლის კონტროლში ხელს არ უნდა გიშლიდეთ iPad-ის მსგავსი ეკრანი. აუცილებელია, შეგეძლოთ გზის შეგრძნება მანქანიდან ისე, რომ ამ ეკრანისკენ მილიწამის განმავლობაშიც კი არ გაგექცეთ თვალი“, — აღნიშნა Jaguar-ში 20-წლიანი კარიერის მქონე ინჟინერმა.


ამის შემდეგ, მან მიმოიხილა Jaguar XE-ს ორმაგი ეკრანის მახასიათებლები, რომლებიც მძღოლს თავის ზედა ნაწილში უზრუნველყოფს მხოლოდ უმნიშვნელოვანესი ინფორმაციით, ქვედა ნაწილი კი შედარებით მეორეხარისხოვანი ფუნქციებით, მაგალითად, კლიმატის კონტროლით. მას ასევე აქვს ღილაკებით კონტროლი, რაც კალუმის განცხადებით, „მძღოლს უქმნის შეგრძნებას, რომ ის რაღაც მექანიკურის ნაწილია“.

 


როგორც არ უნდა ვეთანხმებოდეთ Jaguar-ის დიზაინის ხელმძღვანელს, სენსორული ეკრანების წინააღმდეგ მიმართული ასეთი პოზიციები უდავოდ დროებითია, რადგან არც თუ ისე შორეულ მომავალში დადგება დღე, როცა მანქანებს სულაც აღარ დასჭირდებათ გზის მაკონტროლებელი მძღოლები. ეს კი იმას ნიშნავს, რომ დიზაინერებს მიეცემათ უფრო დიდებული და ინტერაქტიული სალონების შექმნის საშუალება.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია