ტრამპის მიერ აშშ-მექსიკის საზღვრის ჩაკეტვის შემთხვევაში, აშშ-ის ავტოინდუსტრია დაიხურება

შესაძლოა, აშშ-ის მთლიანი ავტოინდუსტრია დაიხუროს, თუკი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თავის გეგმას განახორციელებს და მექსიკასთან საზღვარს ჩაკეტავს. ამის შესახებ CNN-ი იუწყება.


საავტომობილო კვლევების ინდუსტრიის, შრომისა და ეკონომიკის განყოფილების ვიცი-პრეზიდენტის, კრისტინ ძიჩეკის განცხადებით, აშშ-ში გამოყენებულ ავტონაწილთა დაახლოებით 16 პროცენტი მექსიკიდან შედის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ აშშ-ში წარმოებულ ავტომობილთა უმეტესობა გარკვეულ მექსიკურ ნაწილებს იყენებს; შესაბამისად, მომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, ინდუსტრია შესაძლოა, სულ რაღაც ერთ კვირაში დაიხუროს.

 


აშშ-ის ავტოინდუსტრია მექსიკიდან წელიწადში 59,4$ მილიარდის ღირებულების ავტონაწილების იმპორტს ახორციელებს, იქ გახსნილ ქარხნებში კი 32,5$ მილიარდის ღირებულების ნაწილები შეაქვს ექსპორტზე. შესაბამისად, აშშ-მექსიკის საზღვრის ჩაკეტვა გამოიწვევს მექსიკის ქარხნების დაზარალებასაც.


ამერიკის საავტომობილო პოლიტიკის საბჭოს პრეზიდენტი მეტ ბლანტი განცხადებაში აღნიშნავს, რომ საზღვრის ჩაკეტვა აშშ-ის ეკონომიკას ძლიერ დააზარალებს.

 


მექსიკიდან აშშ-ში იმპორტირებულ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილებს შორის არის ელექტროგაყვანილობის აღჭურვილობა. კრისტინ ძიჩეკის თქმით, აშშ-ში გამოშვებულ მანქანებში ელექტროგაყვანილობის აღჭურვილობის დაახლოებით 70 პროცენტი მექსიკიდან არის შეტანილი. ელექტროგაყვანილობის გარეშე მანქანის აწყობა კი უბრალოდ შეუძლებელია.


საზღვრის ჩაკეტვის მიზეზად პრეზიდენტი ტრამპი არალეგალურ იმიგრაციას ასახელებს. ახლახან მან ისიც აღიარა, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ეკონომიკას დააზარალებს.

 


„რა თქმა უნდა, საზღვრის ჩაკეტვას უარყოფითი ეფექტი ექნება ეკონომიკაზე. მაგრამ ჩემთვის უსაფრთხოება უფრო მნიშვნელოვანია. საზღვარი ან უნდა გავაძლიეროთ, ან საერთოდ უნდა ჩავკეტოთ“, ¬— აღნიშნა ტრამპმა.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია