რატომ არ აწარმოებს Toyota ელექტრომობილებს - კომპანია რამდენიმე მიზეზს ასახელებს

ამჟამად Toyota ელექტრომობილებს არ აწარმოებს, თუ არ ჩავთვლით წყალბადზე მომუშავე მოდელ Mirai-ს. კომპანიამ მიანიშნა ელექტრომობილებთან დაკავშირებულ გარკვეულ გეგმებზე, რომლებშიც Mazda-ც ფიგურირებს. თუმცა, Toyota ერული რჩება ბენზინ-ელექტრო ჰიბრიდებისა, რომლებსაც უხვად გვთავაზობს. ლოგიკურია, ჩნდება შეკითხვა — მაშინ, როცა ავტომწარმოებლები ელექტრომობილთა წარმოების გამალებულ კონკურენციაში არიან ჩართული, სად არის ამ დროს მსოფლიოს პირველი ავტომწარმოებელი, Toyota?


2019 წლის ჟენევის ავტოშოუზე, Toyota-ს ევროპის განყოფილების კვლევისა და განვითარების ვიცე-პრეზიდენტმა, ჯერალდ კილმანმა გაამხილა მიზეზი, რის გამოც მისი კომპანია ელექტრომობილებით ვერ იხიბლება — ბატარეების წარმოების მოცულობა. ამჟამად Toyota ბატარეების წარმოებაში შეზღუდული არ არის, მაგრამ მისი მოცულობა მნიშვნელოვნად ჩამორჩება, მაგალითად, Tesla-სას. კილმანის განცხადებით, Toyota-ს შეუძლია აწარმოოს წელიწადში 28 000 ელექტრომანქანისთვუს საკმარისი ბატარეა, რაც სხვა შემთხვევაში საკმარისი იქნება 1,5 მილიონი ჰიბრიდისათვის.

 


Toyota-ს გადმოსახედიდან, 1,5 მილიონი ჰიბრიდული მანქანის გაყიდვა, ნახშირბადის გამოყოფას მესამედით უფრო შეამცირებს, ვიდრე 28 000 ელექტრომობილის გამოშვება. გარდა ამისა, კომპანია გარემოსადმი უფრო პოზიტიურ გავლენას ახდენს რაც შეიძლება ბევრი ბენზინ-ელექტრო ჰიბრიდების გაყიდვით, ვიდრე ამას ცოტა ელექტრომობილის გაყიდვით იზამდა; ამავე დროს, Toyota მომხმარებლებს მისაღებ ფასად სთავაზობს უფრო პრაქტიკულ მანქანებს.


ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ Toyota იმ თითზე ჩამოსათვლელ ავტომწარმოებელთა შორსაა, რომლებიც თავიანთ მრავალ ელექტრიფიცირებულ პროდუქტში ჯერ კიდევ ნიკელის ჰიბრიდულ ბატარეებს იყენებენ (საკმაოდ ბევრ Prius-ში). თუმცა, Toyota Prius-ებსა და Prius Prime-ის plug-in ჰიბრიდში ასევე იყენებს ლითიუმ იონის ბატარეებს. ნიკელის ჰიბრიდული ბატარეები არა მხოლოდ იაფია ლითიუმ-იონის ბატარეებთან შედარებით, არამედ Toyota-მ დაადგინა, რომ ის უფრო გამძლეცაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ნაწილობრივ განმუხტვასა და დამუხტვას და არა სრულად დაცლას და შემდეგ დამუხტვას. მტკიცებულება გჭირდებათ? დააკვირდით, ორიგინალი ბატარეების მქონე Toyota-ს რამდენი ჰიბრიდის ოდომეტრზე ნახავთ ექვსნიშნა რიცხვს.


ჯერალდ კილმანს მეტ დეტალზე არ უსაუბრია და ძნელია გავერკვეთ, ახლოს არის თუ არა ლოგიკასთან მის მიერ მოყვანილი მიზეზები. თუმცა, ერთი რამ ცხადია — ის ფაქტი, რომ Toyota ამ ეტაპზე არც ერთ ელექტრომობილს არ აწარმოებს, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ კომპანიას ეს არ შეუძლია. როგორცვ ჩანს, იაპონური ავტომწარმოებელი როგორც ყოველთვის ფრთხილობს და გრძელვადიან გათვლებს აკეთებს. Toyota-ს მობილურობის ნამდვილ მომავლად მაინც წყალბადის საწვავზე მომუშავე ტექნოლოგია ესახება და როგორც ჩანს, ჰიბრიდები მისთვის ამ მომავლისკენ გადებული მნიშვნელოვანი ხიდია.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია