გემი, რომელსაც ახალი Porsche 911 GT2 RS-ები გადაჰქონდა, ჩაიძირა - კომპანია მოდელებს ხელახლა გამოუშვებს

კომპანია Porsche ადასტურებს გამოცემა Carscoops-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ხელახლა დაამზადებს 911 GT2 RS-ის იმ ოთხ ეგზემპლარს, რომელიც სატვირთო გემთან ერთად ჩაიძირა.


911 GT2 RS-ის წარმოება გასული წლის თებერვალში დასრულდა, მაგრამ როგორც ჩანს, Porsche-ს მისი განახლება მოუწევს, სულ მცირე რამდენიმე ეგზემპლარის მაინც. ამის მიზეზი რამდენიმე მომხმარებლის დაკმაყოფილებაა ბრაზილიაში, რომელთა ავტომობილებიც ცოტა ხნის წინ გემის ჩაძირვას ემსხვერპლა.

 


სატვირთო გემი, სახელად Grande America საფრანგეთის სანაპიროსთან 12 მარტს ჩაიძირა ბორტზე გაჩენილი ხანძრის შედეგად. ხანძარი ერთ-ერთ კონტეინერს გაუჩნდა. გემს სულ დაახლოებით 2000 ავტომობილი გადაჰქონდა. Audi Brazil-ს ცნობით, ხომალდზე იყო გარკვეული ოდენობის A3, A5, Q7, RS4, და RS5 მოდელები.

 


Porsche საჯაროდ არ ადასტურებდა, რომ გემზე მისი ავტომანქანებიც იყო. თუმცა, ანონიმურმა წყარომ გამოცემა Carscoops-ს მიაწოდა Porsche Brazil-ის მიერ მომხმარებლისთვის გაგზავნილი წერილი, რომელშიც კომპანია მას ატყობინებდა, რომ მანქანას ვერ მიიღებდა გემ Grande America-ზე მომხდარი ინციდენტის გამო.

 

გარდა ამისა, კომპანია მომხმარებელს სწერდა, რომ მისი GT2 RS აპრილში ხელახლა დამზადდება გერმანიაში, ივნისში კი მიწოდება მოხდება.

 


ანონიმური წყაროს ცნობით, სატვირთო გემს Porsche 911 GT2 RS-ის სულ მცირე ოთხი ეგზემპლარი გადაჰქონდა. ასევე იყო სხვა რამდენიმე მოდელიც, მათ შორის 718 Cayman-ი, Boxster-ი და Cayenne-ი.


Porsche-ს პრესსპიკერის განცხადებით, გერმანიის ქალაქ ჰამბურგიდან ბრაზილიის ქალაქ სანტუსისკენ მიმავალი გემის, Grande America-ს ბორტზე იყო მათი 37 ახალი მანქანა. გემი 12 მარტს, საფრანგეთის ქალაქ ბრესტის სანაპიროსთან ჩაიძირა.


„მიღებულია სპეციალური გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, ბრაზილიელ მომხმარებელთა პატივისცემის ნიშნად, აღნიშნულ მოდელებს Porsche ხელახლა დაამზადებს და მომხმარებლებს მიაწვდის“, — აღნიშნავს კომპანიის პრესსპიკერი.

 

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია