ლეგენდარული Porsche 917 - დაბადებული გამარჯვებისთვის

თუ თქვენ  სპორტული ავტომობილები გიყვართ და ავტოსპორტის აქტიური გულშემატკივარი ბრძანდებით მაშინ 1971 წელს გადაღებული ფილმი Le Mans აუცილებლად უნდა გქონდეთ ნანახი. ფილმში მთავარი როლი ერთდროულად ორმა - ადამიანმა და ავტომობილმა, ამერიკელმა მსახიობმა სტივენ მაქქუინმა და გერმანულმა Porsche 917-მა შეასრულა.

 

 

Le Mans-მა Porsche 917-ი, რომელსაც პოპულარობა ისედაც არ აკლდა, პოპ-კულტურის კერპად და ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპორტულ ავტომობილად აქცია.

 

ლე მანის 24 საათიანი რბოლა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ ასპარეზად ითვლება. მასში გამარჯვება ფორმულა 1-ის ჩემპიონობას უტოლდება. ლე მანი პილოტებისგან 24 საათის განმავლობაში უწყვეტ კონცენტრაცის, ტექნიკისგან კი - განსაკუთრებულ საიმედოობას მოითხოვს. რბოლის ისტორიის განმავლობაში ყველაზე მეტი გამარჯვება Porsche-ს გუნდის ანგარიშია. კვარცხბეკის უმაღლესი საფეხური Porsche-ს 18-ჯერ აქვს დაკავებული. აქედან 7-ჯერ ზედიზედ - 1981-1987 წლებში. იყო დრო როდესაც ფრანგული ლე მანი გერმანული გუნდის აქილევსის ქუსლი იყო. Porsche 917-ის სწორედ მაშინ გადაწყდა.

 

 

ფერდინანდ პიჰი და მისი ლეგენდარული Porsche 917-ი

ამ ლეგენდარული ბოლიდის ისტორია დასაბამს 1968 წელს იღებს, რიდესაც კონსტრუქტორმა ფერდინანდ პიჰმა (Volkswagen Group-ის მომავალი პრეზიდენტი) საკუთარი ბიძისთვის - ფერდინანდ პორშესთვის ლე მანის რბოლაში სანუკვარი გამარჯვების ჩუქება განიზრახა. იტალიურ Ferrari-ზე და დაუმარცხებელ ამერიკულ Ford GT40-ზე გაამრჯვებისთვის საჭირო იყო ახალი ავტომობილის შექმნა.

 

საბაზო მოდელად უკვე არსებული Porsche 908-ი შეირჩა. კონსტრუქცია ძირფესვიანად გადაკეთდა. ავტომობილის კარკასი ალუმინის, ტიტანის და მაგნიუმის შენადნობებისგან დაამზადეს.

 

პროტიპის მთავარი უნიკალურობა მის „გულში“ იმალებოდა. Porsche-ს სპეციალისტებმა ორი ექვსცილინდრიანი ძრავას შერწყმით, 4,5 ლიტრი მოცულობის 12 ცილინდრიანი მონსტრი მიღეს რომელიც წუთში 8 400 ბრუნისას წარმოუდგენელ 580 ცხენის ძალას ანვითარებდა. ავტომობილის 800 კგ წონისას, მაქსიმალურმა სიჩქარემ 340 კმ/სთ-ს გადააჭარბა. საგულისხმოა, რომ ძრავა ჰაერით გრილდებოდა. მძლავრი ვენტილატორი ჰაერს კორპუსის ზედა მხრიდან იწოვდა.

 

 

Porsche 917-ის პირველი პროტოტიპი. 1969 წელი. ცხვირზე დამაგრებულ დეფლექტორებს წინა ხიდზე მოქმედი დატვირთვა და შესაბამისად ავტომობილის გზის საფართან მოჭიდება უნდა გაეზარდათ.

Porsche 917-ის პრემიერა 1969 წელს ჟევენის ავტოსალონზე შესდგა. მდოვრე ფორმებით გამორჩეულმა ავტომობილმა, რომლის სიმაღლეც 94 სმ-ს არ აღებატებოდა დამსწრეთა ყურადღება უმალ მიიზიდა. პირველმა გამოცდება მანქანის ნაკლოვანებები გამოაშკარავა. მაღალ სიჩქარეებზე ავტომობილი მართვადობას კარგავდა. ძალის სიდიდე, რომელიც 917-ს გზის საფარზე „მიაჭერდა“ არ კმაროდა. პრობლემა იმდენად სერიოზული იყო, რომ მანქანას გამოდილი პილოტებიც უფრთხოდნენ. 1969 წელს ბელგიის გრან-პრიზე საქარხნო პილოტებმა 917-ის საჭესთან დაჯდომაზე უარი განაცხადეს. წარუმატებელი იყო ლე მანზე პირველი გამოჩენაც - მანქანა ფინიშამდე საერთოდ ვერ მივიდა.

 

ინოვაციურმა პროექტმა Porsche-ს ფინანსური პრობლემებიც მოუტანა. FIA-ს წესების მიხედვით კომპანიას მინიმუმ 25 ავტომობილი უნდა დაემზადებინა. საქარხნო გუნდს ეს რაოდენობა ფიზიკურად არ სჭირდებოდა. ამიტომაც რბოლაში გამოუყენებელი ავტომობილების გაყიდვა გადაწყდა. Porsche 917-ის ფასი 140 000 მარკას აღწევდა. ამ თანხით ათი 911-ის ყიდვა შეიძლებოდა. ბუნებრივია რომ Porsche-ს შემოთავაზებას ბაზარზე მოთხოვნა არ გამოუჩნდა.

 

 

საბაზო კონფიგურაციაში Porsche 917-ი 25 ერთეულიც ოდენობით დამზადდა

ფინანსურ კრახს გერმანული კომპანია გუნდ Gulf Team-ის დირექტორმა ჯონ უარენმა გადაარჩინა, რომელმაც რამდენიმე 917-ი შეიძინა და Porsche-სთან ხელშეკრულებაც გააფორმა. ხანგრძლივი ტესტების შემდეგ უარენმა ავტომობილის აეროდინამიკა მეტად ორიგინალური გზით გააუმჯობესა - სიგრძეში კორპუსის კუდი დაამოკლა და ზემოდან პატარა სპოილერები დაუყენა. მოდელს Porsche 917К (Kurzhek - „მოკლე კუდი“) უწოდეს.

 

 

დამოკლებული Porsche 917К. 1970 წლის მოდელი. გაუხეშებული დიზაინის მიუხედავად სწორედ ეს მოდელი გამოირჩეოდა საუკეთესო მართვადობით. მოსახვევებში გაზრდილი სიჩქარე მომატებულ აეროდინამიკურ წინააღმდეგობას თავისუფლად აკომპენსირებდა.

 

პარალელურად შტუტგარდში კონსტრუქტორებმა ბოლიდის საკუთარი ვერსია Porsche 917L (Langheck - „გრძელი კუდი“) შეიმუშავეს. ამ ვარიანტზე კორპუსი პირიქით დააგრძელეს და ორი მაღალი სტაბილიზატორი დაუმატეს. ავტომობილზე ახალი 4,9 ლიტრი მოცულობის 600 ცხენის ძალიანი ძრავა დააყენეს. მაქსიმალური სიჩქარე 354 კმ/სთ-მდე გაიზარდა.

 

1970 წელს ლე მანის რბოლაზე გერმანულ მონსტრს იტალიელებმა რაოდენობა დაუპირისპირეს და რბოლაზე 11 ბოლიდი გამოიყვანეს. კვარცხბეკზე პირველი ორი ადგილი 917-ის პილოტებმა დაიკავეს.

 

 

ლე მანზე Porsche-ს პირველი გამარჯვების ფინიში

1971 წელს Porsche-მ ავტომობილის ორი ახალი ვარიანტი წარმოადგინა. პირველში - Porsche 917/20 Big Bertha კონსტრუქტორებმა საბაზო მოდელის დაბალი შუბლა წინაღობის და მოკლე კუდიანი 917K-ს მოჭიდების შესაძლებლობების შერწყმა სცადეს. მანქანის კორპუსს სიგანე გაუზარდეს და საბურავები ბორბლების თაღებში მთლიანად დამალეს. ყოველივე ეს ბორბლებისგან წარმოქმნილი აგრიგალების  შემცირებას ემსახურებოდა.

 

მეორე მოდელი - Porsche 917L მდოვრე აეროდინამიკური ფორმებით და რეგულირებადი ანტიფრთის არსებობით გამოირჩეოდა. სპეციალისტები ამ ვარიანტს დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ ტექნიკური მტყუნების გამო 1971 წელს ლე მანის ფინალისტი ისევ დამოკლებული  917K გახდა.

 

 

Porsche 917LH - 1971 წლის მოდელი

ტრეკზე დაუმარცხებელი 917-ი რეგლამენტის შეცვლით დაამარცხეს. წესებში შეტანილი ცვლილების თანახმად ლე მანში მონაწილე ავტომობილების ძრავას მოცულობა 3,0 ლიტრზე მეტი არ უნდა ყოფილიყო. Porsche იძულებული იყო ასპარეზობაზე უარი ეთქვა. თუმცა ჩრდილოეთ ამერიკის სარბოლო ტრასები მისთვის კვლავინდებურად თავისუფალი რჩრბოდა. Can-Am-ის სარბოლო სერიაში ძრავების მოცულობის შეზღუდვაზე არანაირი წესები არ არსებობდა. სპეციალურად ამ რბოლაში მონაწილეობისთვის ახალი მოდელი - 917/10-ი შექმნეს. მას შეცვლილი იერის ძარა და 910 ცხენის ძალამდე ფორსირებული ძრავა ჰქონდა.

 

 

1973 წელს კონსტრუქტორებმა კიდევ უფრო მძლავრი Porsche 917/30 წარმოადგინეს. მისი 5,4 ლიტრიანი ძრავა საკვალიფიკაციო კონფიგურაციაში წარმოუდგენელ 1580 ცხენის ძალას ანვითარებდა. ის დღემდე ავტოსპორტის ისტორიაში ყველაზე მძლავრ სერიულ ბოლიდად რჩება. ამერიკულ ოვალურ ტრასებზე 917/30-ი მაქსიმალურ 390 კმ/სთ-ს ანვითარებდა. 100 კმ/სთ ნიშნულის მისაღწევად მას მხოლოდ 2.9 წმ სჭირდებოდა.

კონკურენტები Porsche-ს აპრობირებული მეთოდებით ებრძოდნენ. ის ისევ აკრძალეს და ამჯერად სამუდამოდ. რბოლას ჩამოშორებულმა ამ უნიკალურმა ავტომობილმა ყურადღების მიპყრობა კიდევ ერთხელ შესძლო. 1975 წელს მარკ დონაჰიუმ წრიულ ტრეკზე სიჩქარის რეკორდი დაამყარა. ტალადეგის (აშშ) ტრასაზე მან საშუალო - 356,5 კმ/სთ განავითარა. შემდგომში 917-ის კვანძები და ამ ავტომობილში გამოყენებული კონსტრუქციული გადაწყვეტილებები ახალი Porsche 936-ის შექმნისას გამოიყენეს, რომელიც ლე მანის ფინალისტი 3-ჯერ გახდა.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია