რუსული გემი, რომელსაც მთვრალი კაპიტანი მართავდა, სამხრეთ კორეაში ხიდს შეეჯახა - ხიდი გადარჩა

რუსული სატვირთო გემი, რომელსაც მთვრალი კაპიტანი მართავდა, სამხრეთ კორეაში საავტომობილო ხიდს შეეჯახა.

 

ინტერნეტში ვრცელდება ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ ეჯახება 6000-ტონიანი გემი Seagrand-ი ქალაქ ბუსანის ნავსადგურთან ხიდს.

 

კორეის სანაპირო დაცვის სამსახურის განცხადებით, გემი საპირისპირო მიმართულებით უნდა წასულიყო, ხიდისთვის შემოევლო და გზა განეგრძო.

 

შეჯახების შედეგად, ხიდის ქვედა დონეზე 5-მეტრიანი ნაპრალი გაჩნდა, თუმცა, ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. აღსანიშნავია, რომ ამ დროს ხიდზე ავტომობილები აქტიურად მოძრაობდნენ.

 

 

ეკიპაჟის წევრების დაკითხვისას, კორეის სანაპირო დაცვის სამსახურმა აღმოაჩინა, რომ გემის კაპიტანი მთვრალი იყო. მის სისხლში ალკოჰოლის შემცველობა დაშვებულ ზღვარს ბევრად აღემატებოდა.

 

რუსული სააგენტო RBC-ის ცნობით, შეჯახებამდე კაპიტანმა არ გაითვალისწინა კორეის სანაპირო დაცვის სამსახურის გაფრთხილება, რადგან მას უბრალოდ ინგლისური არ ესმოდა. რუსი კაპიტანი ამჟამად დაპატიმრებულია.

 

გემი სამხრეთ კორეის უდიდეს საპორტო ქალაქ ბუსანში უნდა გაჩერებულიყო და 1495 ტონა რკინის მილები გადმოეტვირთა.

 

 

ამის შემდეგ, გემი უნდა წასულიყო რუსეთის ქალაქ ვლადივოსტოკში, სადაც ის ფოლადის რგოლებით უნდა დაეტვირთათ.

 

კორეული სააგენტო Yonhap-ის ცნობით, ხიდთან შეჯახებამდე დაახლოებით 40 წუთით ადრე, Seagrand-მა გვერდი გაჰკრა ამავე პორტში გაჩერებულ საკრუიზო გემს.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია