კანადელმა პოლიციელებმა მექსიკაში გამოშვებულ ახალ Ford-ებში 200 კგ მეტამფეტამინი აღმოაჩინეს

კანადის ხელისუფლების განცხადებით, ერთ-ერთი მექსიკური ნარკოკარტელი ახალი მანქანების სათადარიგო საბურავებში მეტამფეტამინის შეკვრებს ათავსებდა და მატარებლით კანადაში გზავნიდა.

 

Global News-ის ცნობით, ონტარიოს პროვინციის პოლიციამ ნარკოტიკების კონტრაბანდის სქემა მას შემდეგ გაშიფრა, რაც Ford-ის სადილერო კომპანიის თანამშრომლებმა Ford Fusion-ის ახლად მიღებული მოდელების სათადარიგო საბურავებში საეჭვო ტომრები აღმოაჩინეს. ყველა ავტომობილი მექსიკაში, ქალაქ ერმოსილიოში მდებარე Ford-ის ქარხანაში იყო აწყობილი.

 

 

„სინალოას მძლავრი ნარკოკარტელი მექსიკის ამ ზონაში კარგადაა დამკვიდრებული. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ნარკოტიკებზე პასუხისმგებლობა სწორედ მათ ეკისრებათ“, ­— განაცხადა პოლიციის წარმომადგენელმა ბრაიან მაკკილოპმა.

 

გამოძიებაში ჩართული იყო კანადის საზღვრის დაცვის სააგენტო, ნიუ-ბრანსვიკის პოლიცია, კვებეკის პროვინციის პოლიცია და Ford-ი. როგორც გაირკვა, ონტარიოში გაგზავნილი 14 ავტომობილიდან მეტამფეტამინი 9-ში იყო მოთავსებული.

 

აღმოჩენილი მეტამფეტამინის საერთო წონა დაახლოებით 180 კილოგრამს უდრიდა, ღირებულება კი 4,5 მილიონ აშშ დოლარს.

 

პოლიცია ნარკოტიკების ძებნას კანადაში ბოლო დროს შესულ Ford Fusion-ის მოდელის სხვა ავტომობილებშიც განაგრძობს.

 

 

სინალოას კარტელს ერთ დროს ხელმძღვანელობდა ხოაკინ „ელ ჩაპო“ გუსმანი, რომელიც ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკში დააკავეს.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ 2017 წლის აპრილში, Ford-ის სულ მცირე 22 ავტომობილის სათადარიგო საბურავებში დიდი ოდენობით მარიხუანა აღმოაჩინეს. ყველა მანქანა ასევე ერმოსილიოს ქარხანაში იყო გამოშვებული.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია