Honda Odyssey-თ ავარიაში პარალიზების გამო, სასამართლომ Honda-ს დაშავებული ქალის სასარგებლოდ 37$ მლნ-ის გადახდა დააკისრა

ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს გადაწყვეტილებით, 37,6$ მილიონს მიიღებს ტეხასელი ქალი, რომელიც 2015 წლის ნოემბერში ავარიაში მოყოლის შემდეგ პარალიზებული დარჩა.


გამოცემა Dallas News-ის ცნობით, 27 წლის სარა მიბარნი Uber-ის ტაქსით, Honda Odyssey-ს მოდელით მგზავრობდა, როცა მძღოლმა წითელ შუქზე გაიარა და პიკაპს შეეჯახა. 2016 წლის ბოლოს, სარამ Honda-ს სასამართლოში უჩივლა. მისი ადვოკატების მტკიცებით, მანქანაში უსაფრთხოების ღვედების სისტემა იმდენად სუსტი იყო, რომ ქალი მძიმედ დაშავდა.


სარას ახლა ოთხივე კიდური პარალიზებული აქვს. ოდნავ ამოძრავებს მხოლოდ ხელებს.

 


2011 წლის Honda Odyssey-ს მესამე მწკრივის შუა სავარძლის უსაფრთხოების ღვედების სისტემა ზუსტად ისე მუშაობს, როგორც სხვა ავტომობილების ღვედები ამავე ადგილებზე. შედგება მხარზე გადასაჭერი მოხსნადი თასმისგან, რომელიც ჭერიდან უნდა ჩამოიწიოს, შემდეგ კი სავარძელი დაამაგროს, რის შემდეგაც შესაძლებელი უნდა იყოს მისი მოხსნა ბალთიდან.


მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ღვედები არც თუ ისე იშვიათია, ექსპერტმა ნაფიც მსაჯულებს დაუსაბუთა, რომ მისი სწორად გამოყენება შეუძლია იმ ადამიანთა მხოლოდ 10 პროცენტს, ვისთვისაც ამ სახის ღვედები სრულიად უცნობია.


„სარამ ღვედი ზუსტად ისე გაიკეთა, როგორც ჩვენს კვლევაში მონაწილე 53 ადამიანიდან 50-მა, ანუ ისე, რომ ღვედის გაკეთება უფრო სახიფათო აღმოჩნდა, ვიდრე საერთოდ მის გარეშე მგზავრობა“, — აღნიშნა ადვოკატმა სარა ადლოუსმა.

 


ვერდიქტის შემდეგ, Honda-მ სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნავს, რომ განაჩენს აუცილებლად გაასაჩივრებს.


„მესამე რიგის შუა სავარძლის უსაფრთხოების ღვედის დიზაინი 2011 წლის Honda Odyssey-ში აბსოლუტურ შესაბამისობაშია ფედერალური უსაფრთხოების სტანდარტებთან და დიზაინით სხვა მსგავსი მინივენების სისტემის ანალოგიურია. სწორად გაკეთების შემთხვევაში, ამ შეჯახების დროს მგზავრი სერიოზულად არ დაშავდებოდა“, — ნათქვამია Honda-ს განცხადებაში.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია