ელისაბედ II-ის 97 წლის ქმარმა ავარიის შემდეგ მართვის მოწმობაზე უარი თქვა

დედოფალ ელისაბედ II-ის ქმარმა, პრინცმა ფილიპმა, ავარიაში მოხვედრიდან სამი კვირის შემდეგ, მართვის მოწმობაზე უარი თქვა.

 

97 წლის პრინცი მანქანას არც ისე ხშირად მართავს, მაგრამ ამჯერად ნამდვილად არ გაუმართლა. 17 იანვარს, Land Rover-ის მართვისას, ის სხვა მანქანას შეეჯახა. ინციდენტის შედეგად ორი ქალი დაშავდა. პროკურორები დღემდე მსჯელობენ, წაუყენონ თუ არა ბრალი პრინცს ავარიის გამო, მაგრამ როგორც აცხადებენ, მხედველობაში მიიღებენ იმ გარემოებას, რომ ფილიპმა მართვის მოწმობა მათ საკუთარი ნებით ჩააბარა.

 

 

ავარია 17 იანვარს, აღმოსავლეთ ინგლისში, სამეფო ოჯახის მფლობელობაში არსებულ სანდრინგემის მამულთან მოხდა. ფილიპი სხვა მანქანას შეეჯახა, რა დროსაც დაშავდა იქ მჯდომი ორი ქალი. საბედნიეროდ, ინციდენტს უვნებლად გადაურჩა ქალებთან ერთად მანქანაში მყოფი 9-თვის ბავშვი. ფილიპის მანქანა იმდენად დაზიანდა, რომ საჭირო გახდა მისი გამოყვანა. თუმცა, პრინცი არ დაშავებულა.

 

საინტერესოა, რომ როგორც ორი კვირის შემდეგ გაირკვა, ფილიპი საჭესთან უსაფრთხოების ღვედის გარეშე იჯდა. პოლიციამ ის მას შემდეგ დაკითხა, რაც ინტერნეტში შესაბამისი ფოტოები გავრცელდა.

 

 

ორივე დაშავებულ ქალს პრინცმა ფილიპმა ინდივიდუალური წერილები მისწერა. ერთ-ერთ წერილში ფილიპი ირწმუნება, რომ მას მზემ მოსჭრა თვალი და მომდინარე მანქანა ვერ დაინახა. ინციდენტის გამო პრინცი წერილში დიდ მწუხარებას გამოთქვამს.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია