შემდეგი თაობის X-Trail-ს Nissan-ი ბრიტანეთის ნაცვლად იაპონიაში ააწყობს

ევროპის ბაზრისთვის განკუთვნილ შემდეგი თაობის X-Trail-ს Nissan-ი სანდერლდენდის ქარხანაში აღარ გამოუშვებს. კომპანიამ იაპონიაში მდებარე კიუშუს საწარმო არჩია.


მეოთხე თაობის X-Trail-ის აწყობას ავტომწარმოებელი თავდაპირველად თავის ბრიტანულ საწარმოში გეგმავდა, რის შესახებაც საზოგადოებას 2016 წელს ამცნო. თუმცა, მას შემდეგ გეგმა შეიცვალა.


გადაწყვეტილებაში Nissan-ი „ბრექსიტს“ არ ადანაშაულებს, ყოველ შემთხვევაში, პირდაპირ. თუმცა საკმაოდ ნათელია, რომ ამ ნაბიჯის მიზეზი გაერთიანებული სმაეფოს ევროკავშირიდან გასვლაა.

 


„მიუხედავად იმისა, რომ ეს გადაწყვეტილება ბიზნეს-ფაქტორების გათვალისწინებით მივიღეთ, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის ურთიერთობის გაურკვეველი მომავალი ჩვენნაირ კომპანიებს მომავლის დაგეგმვაში ხელს უშლის“, — ამბობს Nissan Europe-ის თავმჯდომარე ჯანლუკა დე ფიჩი.


პრესრელიზში კომპანია აღნიშნავს, რომ მან 2016 წლის შემდეგ გაზარდა ინვესტიციები ძალური გადაცემის ახალ სისტემებსა და ტექნოლოგიებში ევროპის ბაზრის სამომავლო ავტომობილებისათვის და შესაბამისად, გადაწყვიტა, ევროპული ინვესტიციების ოპტიმიზაცია, რისთვისაც X-Trail-ის წარმოებას იაპონიაში, კიუშუს საწარმოში გადაიტანს.

 


ავტომწარმოებლის განმარტებით, შემდეგი თაობის X-Trail-ის იაპონიაში წარმოების გადაწყვეტილება ნაკარნახევია ეკონომიკური ასპექტებით. კიუშუში ის უკვე აწყობს ამჟამინდელი თაობის X-Trail-ს. ეს ქარხანა SUV-ავტომობილების გლობალური კვანძია. მაგალითად, იქ იწარმოება აშშ-ისთვის განკუთვნილი Rogue.


მიუხედავად ბრიტანული საავტომობილო ინდუსტრიისთვის ასეთი არასასიამოვნო ახალი ამბისა, Nissan-ი ნათლად განმარტავს, რომ შემდეგი თაობის Juke-ისა და Qashqai-ს SUV-ების წარმოებას კვლავ სანდერლენდის ქარხანაში გააგრძელებს. ცოტა ხნის წინ, ქარხანა მნიშვნელოვნად განახლდა და გაფართოვდა.

 


სანდერლენდში მდებარე Nissan-ის ქარხანა უდიდესი საავტომობილო საწარმოა ბრიტანეთში, სადაც იწარმოება Juke, Qashqai, Note და Leaf-ი. რამდენიმე თვეში, იქვე დაიწყება უფრო დიდი გარბენის მანძილის მქონე Leaf e+-ის წარმოება. გაერთიანებული სამეფოს მთლიანი საავტომობილო წარმოების 30 პროცენტი (1,52 მლნ მანქანა) Nissan-ზე მოდის. მანქანების უდიდესი ნაწილი ექსპორტზე ევროპის ბაზარზე გადის.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია