გერმანიაში Volkswagen-ის დიზელის მანქანების გაყიდვები გაორმაგდა


Volkswagen-ი აქტიურად ცდილობს არასასიამოვნო წარსულის დავიწყებას, რისთვისაც ამჟამად ფოკუსირებულია ელექტრომობილების ოჯახ ID-ზე. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კომპანია მთლიანად უარს ამბობს დიზელის ძრავებზე.


2018 წელს Volkswagen-მა გერმანიაში დიზელის მანქანების გაყიდვები თითქმის გააორმაგა. საერთო ჯამში კი გასულ წელს დიზელის მანქანების გაყიდვებმა 4 პროცენტით მოიმატა და 43 პროცენტი შეადგინა.

 


„გერმანიაში დიზელის ირგვლივ ატეხილ დებატებს თან ახლავს ემოციები და ხშირად იკარგება ფაქტები. მისი მაღალი ეფექტიანობიდან და წარმადობიდან გამომდინარე, დიზელის ძრავი კიდევ მრავალ წელს შეინარჩუნებს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიის სტატუსს, განსაკუთრებით მათთვის, ვინც დიდ მანძილზე მოგზაურობს“ , — ამბობს Volkswagen-ის ბრენდის საბჭოს წევრი გაყიდვების მიმართულებით , იურგენ სტაკმენი.


Volkswagen-ის მიერ შექმნილი ბოლო თაობის დიზელის ძრავები არა მხოლოდ გაცილებით ეკონომიურია, არამედ გამოყოფს 15 პროცენტით უფრო ნაკლებ ნახშირორჟანგს, ვიდრე იგივე მოცულობის ბენზინის ძრავები. Volkswagen-ის განცხადებით, წინა თაობებთან შედარებით, ისინი ყოველ კილომეტრზე 10 გრამით უფრო ნაკლებ გამონაბოლქვს გამოყოფს.

 


ავტომწარმოებლის სამგზავრო მანქანათა ქვედანაყოფმა შარშან ჯამში 6 244 900 ავტომობილი გაყიდა, ზრდა 0,2 პროცენტს შეადგენს. ამ მაჩვენებლით Volkswagen-ს მოყვებიან Audi, Skoda და Seat-ი, 1 812 500, 1 253 700 და 517 600 მანქანით.


საერთო ჯამში, Volkswagen Group-მა 2018 წელს 10,834,000 ავტომობილი გამოუშვა, რითაც ოდნავ გადაასწრო Renault-Nissan-Mitsubishi-ს ალიანსს, რომელმაც 10,756,875 მანქანა აწარმოა. თუმცა, როგორც ხედავთ, სხვაობა მინიმალურია.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია