ილონ მასკის განცხადებით, ახალ Tesla Roadster-ს რაკეტის ძრავები ექნება და ჰაერში „ილივლივებს“

Tesla-ს ხელმძღვანელმა ილონ მასკი კიდევ ერთ თამამ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ახალი Tesla Roadster-ი ჰაერში „ილივლივებს“. არა, თვალები ნამდვილად არაფერს გატყუებთ.

 

მასკის განცხადებით, Roadster-ის გაყიდვა 2018 წლის შუა პერიოდში დაიწყება და ხელმისაწვდომი იქნება სურვილისამებრ, „Space X“ პაკეტით, რომელიც რაკეტის ძრავებით იქნება აღჭურვილი. თავიდან მასკი აცხადებდა, რომ ეს ძრავები მანქანას დაეხმარებოდა აჩქარებაში, მაქსიმალური სიჩქარის მიღწევაში, დამუხრუჭებაში, მოსახვევებში. თუმცა ამჯერად, მასკი აღნიშნავს, რომ გარდა ამ ფუნქციებისა, ეს ძრავები ელექტრო ჰიპერმანქანას ფრენის, ანდაც ლივლივის საშუალებასაც მისცემს.

 

 

ამის შესახებ ილონ მასკმა Twitter-ზე დაწერა. მას შემდეგ, რაც პოპულარულმა იუტუბერმა მარკეს ბრაუნლიმ მასკს ჰკითხა, ხუმრობდა თუ არა, ბიზნესმენმა უპასუხა, რომ მოლივლივე ჰიპერმანქანაზე ის სრული სერიოზულობით წერდა.

 

„ორი უკანა სავარძლის ნაცვლად, მის ადგილას, ჩვენ განვათავსებთ SpaceX-ის ცივი გაზის ძრავების სისტემას ულტრამაღალი წნევის აირით“, — დაამატა მასკმა.

 

 

რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ეჭვგარეშეა, რომ მასკი მართლაც სერიოზულად საუბრობს. თუმცა, რამდენად შესაძლებელია მისი ამ გეგმის განხორციელება, ეს ცალკე კითხვის საგანია. აღსანიშნავია ისიც, რომ ასეთი სისტემა საკმაოდ ძვირი იქნება და სავარაუდოდ, გაყიდვებიც არ იქნება განსაკუთრებით დიდი.

 

 

რომ აღარაფერი ვთქვათ რაკეტის ძრავებზე,  ცნობილი ხდება, რომ ახალი Tesla Roadster-ი მართლაც გამორჩეული იქნება. როგორც Tesla აცხადებს, 200 kWh სიმძლავრის ბატარეების წყალობით, ავტომობილი ერთი დამუხტვით 1000 კილომეტრს გაივლის. ახალი ჰიპერმანქანა 96 კმ/სთ-ს 1,9 წამში განავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 402 კმ/სთ იქნება.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია