2020 წლის Volkswagen Passat-ი სრულიად ახალი დიზაინითა და მახასიათებლებით

სედანების გაყიდვების შემცირებამ General Motors-სა და Ford-ს ზოგიერთ სეგმენტზე საერთოდ უარის თქმა აიძულა. თუმცა, ამ ტენდენციას არ მიჰყვა Volkswagen-ი და უფრო მეტიც, რამდენიმე დღეში, დეტროიტის ავტოშოუზე ის 2020 წლის ახალი Passat-საც წარმოადგენს. გამოცემა Wheelsage გარკვეულ ფოტოებსაც აქვეყნებს.

 

მიუხედავად იმისა, რომ მას სრულიად ახალ მოდელად მოიხსენიებენ, გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წლის Passat-ი წარმოადგენს ამჟამად არსებული ჩრდილოამერიკული სედანის განახლებულ ვერსიას.

 

 

შარშან Volkswagen-მა აშშ-ში მხოლოდ 41 401 Passat-ი გაყიდა, რამაც მას სერიოზული ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგა.

 

2020 წლის Passat-ს აქვს ახალი წინა ბამპერი დიდი ცხაურითა და ახალი დიზაინის ფარებით. ეს განსაკუთრებული მოდელი ასევე აღჭურვილია ექსტერიერის R-Line პაკეტით, რომელსაც ემეტაბა აგრესიული წინა ბამპერი და მეტალის მოდური დისკები.

 

სპორტული სტილი გრძელდება წინა დგარზეც (მსუბუქი ავტომანქანის ძარას ვერტიკალური დგარი წინა საქარე მინასა და წინა გვერდით მინას შორის); ახალ Passat-ს აქვს უფრო პრიალა კორპუსი და უფრო მკაფიო მხრების ხაზი. ერთ-ერთი უდიდესი ცვლილება ეხება სამ-მეოთხედიან ფანჯარას, რომლის ნაზი გამრუდებაც საოჯახო სედანს უფრო თანამედროვე იერსახეს აძლევს.

 

 

რაც შეეხება სალონს, მძღოლს იქ დახვდება ახალი ტორპედო და სტილიზებული ჰაერის გამწოვები, რომლებიც კაბინის თითქმის მთელ სიგანეზე ივრცობა. თითქოს დიდი არაფერი, მაგრამ ეს ხრიკი ფარავს დიდ შავ პლასტმასს, რომელიც წინა მოდელში მაშინვე თვალში გეცემოდათ.

 

სალონის ბევრი კომპონენტი საერთოდაც ამოღებული ჩანს, თუმცა, დიზაინერებმა შემოიტანეს საზომ ხელსაწყოთა ახალი ბლოკი და განახლებული საინფორმაციო სისტემა.

 

 

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ახალ Passat-ს ექნება 2.0-ლიტრიანი, ოთხცილინდრიანი, 174 ცხენის ძალის ტურბოძრავი. იგი დაკავშირებული იქნება ექვსსიჩქარიან ავტომატური გადაცემათა კოლოფით, რომელიც ენერგიას წინა თვლებს უგზავნის.

 

მიუხედავად იმისა, რომ წინა Passat-ებს 3.6-ლიტრიანი VR6 ძრავი ჰქონდა 280 ცხენის ძალით, 2019 წლის Passat-ში ეს მონაცემები შეიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, იგივე შენარჩუნდება 2020 წლის მოდელშიც.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია