BMW ჰიბრიდულ სუპერმანქანაზე მუშაობს

როგორც ჩანს, BMW საკუთარი სუპერმანქანის გამოშვებით დაინტერესდა, რომელმაც კონკურენცია უნდა გაუწიოს Porsche 911 Turbo-სა და McLaren 570S-ს.

 

გამოცემა Autocar-ის ცნობით, ის ამჟამინდელი i8-ის არაპირდაპირი ჩამნაცვლებელი იქნება და ჯერჯერობით უსახელო ბავარიული სუპერმანქანა ავტომწარმოებლის M დანაყოფში მოთავსდება.

 

გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ს ახალი სუპერმანქანა 2023 წელს გამოჩნდება, როცა Ferrari, Lamborghini და სხვა ეგზოტიკური ავტომწარმოებლები უკვე გაუშვებენ თავიანთ ახალ, ელექტრიფიცირებულ მოდელებს, ნამდვილად ძლიერი ჰიბრიდული ძალური გადაცემის სისტემებით.

 

 

„თუ ინჟინერი ხარ, გსურს ცხოვრებაში ერთხელ მაინც დაამზადო სუპერ-სპორტული მანქანა. ვფიქრობ, ამის საშუალებას ნაწილობრივი ელექტრიფიკაცია მოგვცემს“, — უთხრა ბრიტანულ გამოცემას BMW-ს საბჭოს წევრმა კლაუს ფროჰლიხმა, რომელიც პროდუქტების განვითარებაზეა პასუხისმგებელი.

 

მანქანის სიმძლავრეზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, მაგრამ თუ გავრცელებულ ცნობებს დავუჯერებთ, BMW-ს მომავალ სუპერმანქანას დაახლოებით 700 ცხენის ძალა ექნება. ამ მაჩვენებლით ის აშკარად გადააჭარბებს M8-ს, რომელსაც 600 ცხენის ძალა აქვს.

 

ამავე ცნობების თანახმად, ახალი მანქანა ე. წ. plug-in-ჰიბრიდი იქნება, მსუბუქი კონსტრუქცია კი პირველი ნაბიჯი იქნება BMW-ს M-დანაყოფის ელექტრიფიცირებული მომავლისკენ. საბოლოო დანიშნულების ადგილი რა თქმა უნდა, ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე მაღალი გამავლობის მანქანებია. მიუხედავად ამისა, გაყიდვების დიდი წილი მაინც ჰიბრიდებსა და plug-in-ჰიბრიდებზე მოიაზრება.

 

„მომავალში M ელექტრო იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ M-მოდელების ნაწილობრივ ელექტრიფიცირებაზე. მთავარ გამოწვევად ამჟამად მანქანის წონა რჩება“, — აღნიშნავს კლაუს ფროჰლიხი.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია