Honda-მ შექმნა „ხმოვანი ძიძა“, რომელიც ძრავის ხმებს გამოსცემს და ჭირვეულ ბავშვებს ამშვიდებს

თუკი თქვენი ჭირვეული ბავშვის დამშვიდების გზებს ეძებთ და პარალელურად გსურთ ის ავტომოყვარულად აქციოთ — გაგიმართლათ, რადგან Honda-მ სპეციალური ხმოვანი ძიძა შექმნა.

 

გამოცემა Engadget-ის ცნობით, ხმოვანი ძიძა სინამდვილეში ორკარიანი კუპე რბილი სათამაშო მანქანაა, რომელიც ძრავის ხმას გამოსცემს და ამ გზით ბავშვებს ამშვიდებს. ავტომწარმოებლის ცნობით, სათამაშო ექსპერიმენტის სახით მას შემდეგ შეიქმნა, რაც მათ შენიშნეს, რომ ძრავის ხმას ბავშვებზე დამამშვიდებელი ეფექტი ჰქონდა.

 

რბილ სათამაშო მანქანას აქვს ინტეგრირებული სპიკერი, რომელიც დისტანციურად აქტიურდება და Acura-სა და Honda NSX-ის ხმებს გამოსცემს. შეიძლება, ეს ყველაფერი ძალიან უცნაურად ჩანს, მაგრამ როგორც Honda აღნიშნავს, უკვე მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ ახლად დაბადებულ ბავშვებს ამშვიდებს ისეთი ხმები, რომლებიც მათ დედის მუცელში ყოფნის დროს ესმოდათ, მაგალითად სისხლის მიმოქცევის ან გულისცემის ხმა. ეს ხმები დაბალი სიხშირისაა და Honda-ს განცხადებით, მათი სათამაშო მანქანებიც დაბალი სიხშირის ხმებს გამოსცემს, 250 ჰერცს ან უფრო ნაკლებს.

 

 

ამ კავშირით Honda იმდენად დაინტერესდა, რომ 37 სხვადასხვა მანქანის ხმა შეამოწმა, რათა დაედგინა, რომელი ჰგავდა ყველაზე მეტად იმ ხმებს, რომლებიც ბავშვებს მუცელში ყოფნის დროს ესმით. სხვადასხვა მოდელებს შორის შემოწმდა 1986 წლის Integra, 1987 წლის Prelude, 1999 წლის S2000 და 2018 წლის NSX.

 

შედეგად, ავტომწარმოებელმა დაადგინა, რომ NSX-ის ხმა ყველაზე ახლოს არის იმ სიხშირესთან, რომლიც ბავშვმა შეიძლება მუცლად ყოფნის დროს გაიგონოს. შედარებით მიახლოებითი ხმები აღმოაჩნდა 2001 წლის Acura Integra Type R-სა და 1999 წლის Honda S2000-ს.

 

მიუხედავად იმისა, რომ სათამაშო ჯერ პროტოტიპია, მრავალი მშობელი უკვე იუწყება, რომ სათამაშო მანქანით გართობის შემდეგ მათმა შვილებმა ტირილი შეწყვიტეს. ამ მიმართულებას მართლაც უდიდესი პოტენციალი აქვს, რადგან როგორც Honda შენიშნავს, დედების 75 პროცენტს ეშინია, რომ მათმა შვილმა ტირილი სახლს გარეთ, ხალხშიც დაიწყოს.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია