ევროკავშირმა 2030 წლისთვის CO2-ის გამოყოფის 37,5%-ით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო

თვეების განმავლობაში მიმდინარე ცხარე მოლაპარაკებები დასრულებულია — ევროკავშირი თანახმაა, რომ უახლოეს ათწლეულში მანქანების მიერ გამოყოფილი ნახშირბადის ოდენობა 37,5 პროცენტით შეამციროს.

 

Reuters-ის ცნობით, ცხრასაათიანი განხილვის შემდეგ, ევროპარლამენტმა და ევროკავშირის 28 ქვეყნის წარმომადგენლებმა შეთანხმებას საბოლოოდ მიაღწიეს. გადაწყვეტილების მიხედვით, 2030 წლისთვის, მანქანების გამონაბოლქვი 2021 წელთან შედარებით 37,5 პროცენტით უნდა შემცირდეს, ფურგონების კი 31 პროცენტით.

 

გარდა ამისა, შეთანხმების შუალედური მიზნის მიხედვით, 2025 წლისთვის ასეთი მანქანებისა და ფურგონების ოდენობა 15 პროცენტით უნდა შემცირდეს.

 

CO2-ის გამოყოფის შემცირება ევროკავშირს პარიზის შეთანხმების მიზნების მიღწევაში დაეხმარება.

 

„ეს მნიშვნელოვანი სიგნალია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლაში“, — აღნიშნავს ავსტრიის მდგრადი განვითარების მინისტრი ელისაბეთ კიოსტინგერი.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ CO2-ის გამოყოფის 37,5 პროცენტით შემცირებას ევროკავშირის ყველა წევრი არ დაეთანხმა. მაგალითად, გერმანიამ 30 პროცენტით შემცირების ვალდებულება აიღო. მეორე მხრივ, საფრანგეთი და ნიდერლანდები 35 პროცენტიან შემცირებას დათანხმდნენ. ევროპარლამენტს 40 პროცენტიანი შემცირება სურდა, მაგრამ საბოლოოდ, გამოინახა კომპრომისული ვარიანტი.

 

რამდენიმე წლის წინ გერმანია შიშობდა, რომ ევროკავშირის მსგავსი მიზნები მძიმედ დააზარალებდა მის საავტომობილო ინდუსტრიას და გამოიწვევდა სამუშაო ადგილების შემცირებას.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია