Aston Martin-მა The Vanquish Zagato Shooting Brake-ის ახალი ფოტოები გამოაქვეყნა

ოქტომბერში, Aston Martin-მა დაადასტურა, რომ Vanquish Zagato-ს ოჯახს Zagato Shooting Brake შეემატება, მაგრამ არ დაუკონკრეტებია გამოსვლის თარიღი. თუმცა, ახლახან გამოქვეყნებული ფოტოები ცხადყოფს, რომ მანქანის გლობალური პრემიერის თარიღი ახლოვდება. გარდა ამისა, ფოტომასალა ასახავს მანქანის გასაოცარ ინტერიერსაც.

 

Aston Martin-ს მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებში ჩანს, რომ Vanquish Zagato Shooting Brake-ის ინტერიერი ყავისფერ ტყავშია გადაწყვეტილი. კარგად ჩანს საკმაოდ ტევადი საბარგული და მინის ფართო სახურავიც.

 

 

რაც შეეხება გარე ნაწილს, ფოტოები ახალს არაფერს ამბობს, მაგრამ წარმოაჩენს, რომ შეზღუდული გამოშვების მოდელი თეთრ ფერშია გადაწყვეტილი, შავი სახურავით.

 

ბრიტანულმა ავტომწარმოებელმა ცოტა ხნის წინ დაადასტურა ისიც, რომ Vanquish Zagato-სა და Vanquish Volante Zagato-ს მსგავსად, გამოუშვებს Shooting Brake-ის მხოლოდ 99 ერთეულს. ოჯახში ყველაზე იშვიათი Zagato Speedster-ი იქნება — გამოვა მისი მხოლოდ 28 ერთეული.

 

 

და-ძმების მსგავსად, Shooting Brake დაფუძნებული იქნება Vanquish S-ზე. შესაბამისად, აღჭურვილია 5.9-ლიტრიან, V12, 592 ცხენის ძალის მქონე ძრავით. Aston Martin-ი ჯერჯერობით არ აკონკრეტებს Shooting Brake-ის არც გამოშვების და არც გაყიდვების დაწყების თარიღს.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია