მართე ფხიზელმა-ნუ გაცვლი სიცოცხლეს ალკოჰოლში

გასული წლების განმავლობში საქართველოს ავტოსაგზაო კანონმდებლობაში უამრავი მნიშვნელოვანი პროგრესის და ცვლილების მიუხედავად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ავტომობილის მართვა მაინც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს.

 შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ავტოსაგზაო შემთხვევათა სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 3 წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 1778 ადამიანი დაიღუპა, 28951 კი დაშავდა. ზემოთ აღნიშნული საგზაო შემთხვევების ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზია მძღოლის ნასვამობა, რომლსაც 109 ადამიანი ემსხვერპლა ხოლო 1169 კი დაშავდა.



 „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონის მიხედვით ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვისას პირს მართვის მოწმობა 1 წლით ჩამოერთმევა. ამის მოუხედავად მძღოლები ბედავენ და საჭესთან ნასვამი ჯდებიან იმ იმედით, რომ პატრული მათ ვერ შეამჩნევს ან ავოსაგზაო შემთხვევა არ მოუხდებათ.

რა ხდება ამ კუთხით საქართველოს ფარგლებს გარეთ და როგორ სჯიან ნასვამ მძღოლებს?

შვედეთში ჯარიმას გამოგიწერენ თუ სისხლში 0.02-ს გადააჭარბებს ალკოჰოლის დოზა, მაგრამ, ჯარიმის ოდენობა თქვენი ფინანსური მდგომარეობის შესაბამისად განისაზღვრება. ასევე, შეიძლება მანქანა გაგიყიდონ და თანხა თქვენი ალკოჰოლიზმის  მკურნალობას მოხმარდეს.

კანადაში პირველ შემთხვევაში ჯარიმა 1000 დოლარი და მართვის მოწმობის ჩამორთმევა ერთი წლით. მეორე შემთხვევაში, 30 დღიანი თავისუფლების აღკვეთა და ავტომობილის მართვის ორწლიანი აკრძალვა. მესამე ან მომდევნო ფაქტზე: თავისუფლების აღკვეთა 120 დღით და მართვის მოწმობის ჩამორთმევა 3 წლით.

საფრანგეთში  ნასვამ მდგომარეობაში მართვისას 1000 ევროიანი ჯარიმა, ავტომობილის კონფისკაცია, მართვის მოწმობის ჩამორთმევა სამი წლით ან თავისუფლების აღკვეთა ერთი წლით - სისხლში ალკოჰოლის შემცველობის შესაბამისად.

 

რა უნდა ვიცოდეთ!

ალკოჰოლი არც თუ ისე სწრაფად გამოიყოფა ორგანიზმიდან, როგორც გვსურს. ამას შეიძლება 4–დან 16–მდე საათი დაჭირდეს, ზოგჯერ უფრო მეტიც. ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანის სქესზე, წონაზე, მიღებულ საკვებზე და ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე. ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ტვინის აქტივობა იკლებს, ნერვული აშლილობა იზრდება, ხდება მხედველობის გაორება, კონცენტრაციის უნარის დაქვეითება და შეუძლებელია სრულიად ვაკონტროლოთ ქმედებები. ავარიები კი, მთვრალი მძღოლებით გამოწვეული უფრო ხშირია, ვიდრე სხვა შემთხვევებით.

 

დღესასწაული და გართობა სავალალო შედეგით რომ არ დასრულდეს იცოდეთ:

სისხლში უმცირესი 0.02 % ალკოჰოლის შემცველობისას, ადამიანის სხეული დუნდება და კარგავს შეფასების უნარს. ამ დროს ქვეითდება მხედველობა, აღქმის და კოორდინირების უნარი. ამ მდგომარეობაში ძნელია შეაფასოთ, თუ რამდენად სწრაფად მოძრაობენ მანათობელი ობიექტები და რა მანძილით ხართ დაშორებული მისგან.

ამ მინიმალური ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშაც კი მძღოლი კარგავს უნარს მიიღოს ადეკვატური გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის დროს. ამიტომ, ნუ დადებთ სასწორზე თქვენს სიცოცხლეს, მართეთ ფხიზელმა.

გაითვალისწინეთ, 2 კათხა ლუდი ორგანიზმში 0.05% ალკოჰოლს უდრის.

 

იფიქრეთ მოსალოდნელ შედეგებზე-გაუფრთხილდით რეპუტაციას

გარდა უმძიმესი დანაშაულის ჩადენისა, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვა ყოველდღიურ პრობლემებს შეგიქმნით. მართვის მოწმობის 1 წლის ვადით ჩამორთმევა ნამდვილად შეაფერხებს თქვენს თავისუფლად გადაადგილებას. ამასთან, ამ დარღვევამ შესაძლებელია ხელი შეგიშალოთ კარიერულ წარმატების მიღწევაში, ვინაიდან დიდი კომპანიები და სახელმწიფო დაწესებულებები ითვალისწინებენ თქვენს არამხოლოდ კრიმინალურ, არამედ ადმინისტრაციულ დარღვევებს.

 

იყავი ჭკვიანი-დაგეგმე დღესასწაული წინასწარ



დაბადების დღე გიახლოვდებათ ან უბრალოდ უქმეებზე დალევას აპირებთ? დაგეგმეთ წინასწარ და ნუ წახვალთ დასალევად საკუთარი ავტომობილით.  აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სიმბოლური დოზით ალკოჰოლის მიღებაც კი არაა რეკომენდირებული მაშინ, როდესაც მანქანას მართავთ, ეს დანაშაულია, რაც საფრთხეს უქმნის თქვენსა და სხვების სიცოცხლეს. გამოიძახეთ ტაქსი ან დაურეკეთ მეგობარს-  აიცილეთ უსიამოვნო სიტუაცია მცირე ხარჯის გაწევით და დაბრუნდით სახლში მშვიდობიანად.

 
ნუ დაუშვებთ გამოუსწორებელ შეცდომას, ნუ გახდებით პოტენციური მკვლელი


მანქანის მართვისას ტვინი თქვენს ხელებს, თვალებსა და ფეხებს აკონტროლებს, ამიტომ უსაფრთხო მართვისთვის აუცილებელია ფხიზლად ყოფნა და გადაწყვეტილების სწრაფად მიღების უნარი. ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა უმეტესად სრულდება ავტო საგზაო შემთხვევით, რომელსაც თან ახლავს არა მხოლოდ ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება, არამედ ფატალური შედეგი. თქვენს მიერ ჩადენილი უპასუხისმგებლო საქციელმა შესაძლებელია იმსხვერპლოს სხვისი და საკუთარი სიცოცხლე.

 

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია