Mitsubishi წლების განმავლობაში აახლებდა თავის ფლაგმან SUV ავტომობილს, Pajero-ს. თუმცა, 2006 წლიდან, მეოთხე თაობის გამოსვლის შემდეგ, ამ მანქანაში თითქმის არაფერი შეცვლილა.
მაგრამ შეიძლება, მალე ყველაფერი შეიცვალოს. იაპონური ავტომწარმოებელი, რომელიც არც თუ ისე დიდი ხნის წინ Renault-Nissan-ის ალიანსის წევრი გახდა, უკვე Pajero-ს მემკვიდრეზე ფიქრობს.
გამოცემა Autocar-ის ცნობით, საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული ჯერ არ არის. Mitsubishi-ს აღმასრულებელი დირექტორის თქმით, კომპანიას ახალი Pajero-ს შექმნა სურს, მაგრამ პოზიცია ჯერ ჩამოუყალიბებელია. მისივე თქმით, გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს გამონაბოლქვთან დაკავშირებით არსებული რეგულაციები.
„ეს რაღაც ისეთია, რისი გაკეთებაც ჩვენს ინჟინრებს ნამდვილად სურთ, მაგრამ მანამდე საჭიროა დავრწმუნდეთ, რომ ეს ბიზნესი გაამართლებს, მაშინ, როცა ეს სეგმენტი გამონაბოლქვის რეგულაციების გამო სულ უფრო მცირდება“, — აღნიშნავს ტრევორ მენი.
გამომდინარე იქიდან, რომ Renault-Nissan-Mitsubishi-ს ალიანსს ბრენდებს შორის საერთო პლატფორმები აქვს, შემდეგი თაობის Pajero შესაძლოა, სრულიად განსხვავდებოდეს ამჟამინდელისგან.
თავის მხრივ, მსგავსი პროდუქტი ბაზარზე აქვს Nissan-ს — Patrol-ი, რომელიც Pajero-ზე ოდნავ დიდია. 2010 წელს ამ მანქანის მეექვსე თაობა გამოვიდა და შესაბამისად, ბუნებრივია, რომ Nissan-იც მის მემკვიდრეზე ფიქრობდეს.
საინტერესოა, გაუზიარებს თუ არა ორი ავტომწარმოებელი ერთმანეთს საბაზისო პრინციპებს, რათა წარმოების დანახარჯები რაც შეიძლება მცირე იყოს? ეს საკმაოდ მნიშვნელოვანია ფინანსური თვალსაზრისით, რაც საბოლოოდ, Pajero-ს შემცვლელს მწვანე შუქს უნთებს.