BMW ევროკავშირს მანქანებში 5G კომუნიკაციის გამოყენების ნებართვას სთხოვს

BMW იმედოვნებს, რომ დაარწმუნებს ევროკომისიას, რათა ამ უკანასკნელმა ავტომობილებში 5G ტექნოლოგიის გამოყენების ნებართვა გასცეს. მსგავსი მიმართვა ევროკომისიას უკვე გაუგზავნეს Vodafone-მა და Ericsson-მაც. თუმცა, ისინი შიშობენ, რომ ევროკავშირი უპირატესობას Wi-Fi ტექნოლოგიას მიანიჭებს.

 

სამივე კომპანიის აზრით, ინდუსტრიისთვის გადამწყვეტია, რომ თავისუფლება ჰქონდეთ მანქანებისთვის კავშირის სხვადასხვა ტექნოლოგიების დანერგვისას. Automotive News Europe-ის ცნობით, ამ სექტორის ღირებულება წელიწადში მილიარდობით ევრო იქნება.

 

„შემაშფოთებელია, რომ ტექნოლოგიური ნეიტრალურობის პრინციპის შემოღებიდან ორი წლისთავზე, ევროკომისია მას ერთგულად აღარ იცავს“, — აღნიშნულია სამი კომპანიის ერთობლივ განცხადებაში.

 

 

გასულ თვეში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირი იხრებოდა  მანქანებში Wi-Fi-ს გამოყენებისკენ, რაც VW-სა და Renault-ს უპირატეს მდგომარეობაში აყენებდა BMW-სა და სხვა ავტომწარმოებლებთან შედარებით, რომლებიც 5G კავშირის იმედზე არიან. 5G-ს მხარამჭერებს შორის ასევე არიან ისეთი ტექნოლოგიური გიგანტები, როგორებიცაა Deutsche Telekom-ი, Intel-ი, Qualcomm-ი, Samsung-ი და Huawei.

 

მიჩნეულია, რომ 5G სტანდარტი მომავლის ტექნოლოგიაა და Wi-Fi-ზე უფრო დიდ გამოყენებას შეიძენს გართობის, მოძრაობისა და ზოგადი ნავიგაციის სეგმენტში. თუმცა, ისეთი ავტომწარმოებლები, როგორებიცაა VW და  Renault-ი თვლიან, რომ Wi-Fi უკეთესი ტექნოლოგიაა დროის მხრივ კრიტიკულ მომენტებში, მაგალითად ავარიის თავიდან აცილებისას.

 

საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირი მომავალ წელს მიიღებს.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია