რამდენიმე დღის წინ, გერმანიაში 1$ მილიონად ღირებული McLaren Senna-თი ვიღაც ავარიაში მოჰყვა. თუკი ეს ცუდი ამბავი ბევრს არაფერს გეუბნებათ, გეტყვით იმასაც, რომ მფლობელს ავტომობილი სულ რამდენიმე საათის შეძენილი ჰყავდა.
შეჯახების ფოტო სოციალურ მედიაში გავრცელდა. კარგად ჩანს, როგორ არის სუპერმანქანა შეჯახებული კედელს, სავარაუდოდ, მიუნხენის ერთ-ერთ გარეუბანში.
მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად არ ჩანს, თუ რა აქვს დაზიანებული ახალთახალ McLaren Senna-ს, აშკარაა, რომ ზიანი არც ისე პატარაა. სავარაუდოდ, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა. დაზიანებულია მანქანის წინა ნაწილი. შეჯახება იმდენად ძლიერი უნდა ყოფილიყო, რომ გახსნილია წინა უსაფრთხოების ბალიშები.
როგორც McLaren-ის მიუნხენის ოფისის Instagram გვერდზე გამოქვეყნებული პოსტიდან ირკვევა, შეჯახება ავტომობილის შეძენიდან რამდენიმე საათშია მომხდარი.
ცნობისათვის გეტყვით, რომ ეს გახლავთ McLaren Senna-ს პირველი ცნობილი ავარია. შეზღუდული ოდენობით გამოსული ეს სუპერმანქანა ლეგენდარული აირტონ სენას სახელს ატარებს. გავრცელებული ინფორმაციით, გამოსულია სულ 500 ერთეული და მისი ფასი 1$ მილიონს აღწევს.
კომპანიამ ამ მოდელზე მართლაც ბევრი შრომა გასწია. 100 კილომეტრს ის 2,8 წამში ავითარებს. მაქსიმალური სიჩქარე კი 340 კმ/სთ-ს აღწევს. აღჭურვილია 789 ცხენის ძალის მქონე ძრავით.