Volvo და Nvidia ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომპიუტერის შექმნაზე მუშაობენ

Volvo და Nvidia მუშაობენ ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული კომპიუტერის შექმნაზე, რომელიც შვედური ავტომწარმოებლის შემდეგი თაობის ავტომობილებში მოთავსდება.

 

კომპიუტერი დაეფუძნება Nvidia-ს Drive AGX Xavier ტექნოლოგიას და მოერგება მზადების პროცესში მყოფ Scalable Product Architecture 2 (SPA2) ავტომობილებს. ორი კომპანია ერთობლივად გასული წლიდან მუშაობს, როცა მათ ერთობლივად დაიწყეს ავტოპილოტი ავტომობილების მოწინავე სისტემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა.

 

 

„ავტოპილოტი მანქანების წარმატება მოითხოვს წარმოუდგენლად მძლავრ კომპიუტერებსა და მუდმივ წინსვლას ხელოვნურ ინტლექტში. ჩვენი თანამშრომლობა Nvidia-სთან უკიდურესად მნიშვნელოვანია და მნიშვნელოვნად დაგვეხმარება, რათა ჩვენი მომხმარებლებისთვის უსაფრთხო, სრულიად ავტოპილოტი ავტომობილები შევქმნათ“, — ამბობს Volvo-ს ხელმძღვანელი ჰაკან სამუელსონი.

 

ახალი კომპიუტერული პლატფორმა Volvo-სთვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება მართვის მოწინავე სისტემების დანერგვის, ენერგიის მენეჯმენტის ტექნოლოგიებისა და მანქანების პერსონალიზაციის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ეს პლატფორმა Volvo-ს მოუტანს 360 გრადუსიანი აღქმისა და მართვის მონიტორინგის სისტემას. საბოლოო ჯამში, ახალი კომპიუტერი შვედურ ავტომწარმოებელს სრულად ავტოპილოტი მანქანის შექმნის საშუალებას მისცემს.

 

 

„როგორც მსოფლიო ლიდერი უსაფრთხოების ტექნოლოგიებსა და ინოვაციებში, Volvo აცნობიერებს, რომ არსებობს პირდაპირი კავშირი უსაფრთხოებას, კომფორტსა და მანქანაში არსებულ კომპიუტერულ შესაძლებლობებს შორის“, — აღნიშნავს Nvidia-ს აღმასრულებელი დირექტორი ჯენსენ ჰუანგი.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია