კონკურენტების მსგავსად, BMW სხვადასხვა ზომისა და ფორმების კროსოვერების გამოშვებას განაგრძობს. თუმცა, ყველაფერი X5-დან დაიწყო.
ახლა, თითქმის 20 წლის შემდეგ, ბავარიულმა ავტომწარმოებელმა თავის საშუალოზომიანი ბურჯი კროსოვერის მეოთხე თაობა გამოუშვა. საჩვენებელი დებიუტი საფრანგეთის დედაქალაქში შედგა.
2019 წლის BMW X5 უფრო დიდია, მდიდრული და რაც მთავარია, წინა თაობის მოდელებზე გაცილებით მოწინავე.
მოკლედ რომ ითქვას, წინა თაობებთან შედარებით, ის ყველაფრით გამოირჩევა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან თუ გავითვალისწინებთ, რამდენად პოპულარული და კონკურენტული გახდა ეს სეგმენტი, ადვილი მისახვედრია, რამდენად სასიცოცხლოა მისი გაყიდვების ზრდა მწარმოებლისთვის.
უნდა ითქვას ისიც, რომ გასულ წელს BMW-მ სულ 2 მილიონამდე მანქანა გაყიდა, საიდანაც 180 000 X5 იყო, ანუ მთლიანი გაყიდვების დაახლოებით 10 პროცენტი. და რაც მთავარია, ამ რიცხვში არ შედის X6-ისა და X სერიის სხვა მოდელების გაყიდვები.
საერთო ჯამში, გამოშვების დღიდან (1999 წ.), BMW-მ 2,2 მილიონი X5 გაყიდა. ახალი მოდელი რა თქმა უნდა, ამ რიცხვს კიდევ გაზრდის.
ახალი X5-ის გაყიდვები შემდეგი თვიდან დაიწყება. ავტომობილის პრეზენტაცია რამდნიმე დღის წინ პარიზის ავტოშოუზე შედგა.