მესამე თაობის Honda Fit-ი (ევროპაში Jazz-ი) 2014 წელს გამოჩნდა. 2017 წელს განხორციელებულმა მცირე განახლებამ ეს მოდელი შესაძლოა, ბაზარზე კიდევ რამდენიმე წელს შეინარჩუნოს, მაგრამ სიმართლე ის არის, რომ Honda-ს ნამდვილად სჭირდება ახალი თაობის მოდელი.
როგორც ჩანს, ავტომწარმოებელმა უკვე დაიწყო მეოთხე თაობის Jazz-ის ტესტირება, რომელსაც თქვენ ინტერნეტში გაჟონილ ფოტოზე ხედავთ. სატესტო პროტოტიპი სამხრეთ ევროპაში შენიშნეს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ მანქანა კამუფლაჟითაა დაფარული, შეიძლება ითქვას, რომ ტესტირება თითქმის ბოლო ეტაპზეა. ავტომობილი მთლიანად სახვევებით არის დაფარული, მაგრამ კამუფლაჟი ღია ფერისაა და მანქანას კარგად ემჩნევა „ერთი ყუთის“ დიზაინი, რაც Honda-ს ამ სუბკომპაქტური მოდელის ტრადიციული მახასიათებელია. ავტომობილი ამჟამინდელ მოდელზე უფრო პროპორციული და სპორტული ჩანს. გარდა ამისა, მანქანა თითქოს უფრო განიერიცაა, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ფოტოს საფუძველზე გამოტანილი დასკვნებია.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალი Fit/Jazz-ი ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდება და წარმოდგენილი იქნება როგორც ბენზინის, ისე ჰიბრიდული ვერსიების სახით. იაპონური წყაროს ცნობით, Jazz ჰიბრიდს იგივე ძრავი და გადაცემათა კოლოფი ექნება, რაც ახალ Insight-ს. ამავე წყაროს ცნობით, იგეგმება ელექტრო Jazz-ის გამოშვებაც.
გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ როგორც წლის დასაწყისში პორტალი Nikkei იუწყებოდა, Fit-ის ელექტრომობილის ფასი 18 000$ იქნება და აღჭურვილი იქნება ბატარეით, რომელიც ერთი დამუხტვით დაახლოებით 300 კილომეტრს გაივლის. მოდელის დებიუტი 2020 წლის პირველ ნახევარში ჩინეთში შედგება. ჯერჯერობით უცნობია დეტალები ევროპასა და აშშ-ში ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით.