Mini სამკარიანი ჰეტჩბეკის წარმოებას წყვეტს

Mini-ს სხვადასხვა მოდელები ერთმანეთს ენაცვლებიან, მაგრამ ანგლო-საქსური ბრენდის ხაზში უცვლელი რჩებოდა სამკარიანი ჰეტჩბეკი. თუმცა, თუკი ბოლოდროინდელ ცნობებს დავუჯერებთ, უახლოეს მომავალში „სიკვდილს“ შესაძლოა, ვერც ის გადაურჩეს.

 

პორტალ MotoringFile-ის Mini-ს ექსპერტების ცნობით, უახლოეს წლებში BMW ამ მოდელის წარმოების შეწყვეტას აპირებს. რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს ეს გადაწყვეტილება ბრენდისთვის, რომელიც თითქმის მთლიანად ამ საკულტო ჰეტჩბეკის ირგვლივ არის აგებული, ის მაინც არ იქნება უპრეცედენტო.

 

აღსანიშნავია, რომ სამკარიანმა ჰეტჩბეკებმა ინდუსტრიაში პოპულარობა დაკარგა, რადგან ბოლო დროს მომხმარებლები ხუთკარიან უნივერსალურ მოდელებს ამჯობინებენ. მეორე მხრივ, აშკარაა, რომ Mini თავისი ხაზის რამდენიმე მოდელამდე დაყვანის პროცესშია. უკვე გაუჩინარდა coupe/roadster-ი და სამკარიანი კროსოვერი Paceman-ი. როგორც ჩანს, ეს სია უფრო გაიზრდება.

 

 

თუკი აღნიშნულ მოდელებს სამკარიანი ჰეტჩბეკი და კაბრიოლეტიც შეურთდება, მინის სახელისა და მისი რეტრო-დიზაინის მატარებელი მხოლოდ ხუთკარიანი ჰეტჩბეკი, ვაგონი Clubman-ი და კროსოვერი Countryman-ი დარჩება.

 

მიზეზს რა თქმა უნდა, გაყიდვების შემცირებასთან მივყავართ. MotoringFile-ის ცნობით, 2012 წლის დეკემბერში Mini-მ აშშ-ში 3000 სამკარიანი ჰეტჩბეკი გაყიდა, გასულ თვეში კი ეს რიცხვი 867-მდე შემცირდა. ეს მიზეზი მოდელის „მოკვლისთვის“ აშკარად უპრიანია. გავრცელებული ინფორმაციით, შემდეგი თაობის ჰეტჩბეკების გამოშვებას ავტომწარმოებელი 2022 წლისთვის გეგმავს.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია