BMW-მ ახალი ჭკვიანი პერსონალური დამხმარე (IPA) შეიმუშავა, რომელიც 2019 წლის მარტში გაეშვება.
„Hey BMW“-ის დაძახებაზე, სისტემა მძღოლებს მანქანის საკვანძო ფუნქციებზე წვდომას და ინფორმაციას უბრალოდ ლაპარაკის საშუალებით მისცემს. მიუხედავად იმისა, რომ ხმოვანი კონტროლის ტექნოლოგია ახალი არ არის, BMW-ს განცხადებით, მათი პერსონალური დამხმარე მძღოლებს თანდათან გაიცნობს და უფრო ბუნებრივად ლაპარაკის საშუალებას მისცემს.
როგორც გერმანული ავტომწარმოებელი იუწყება, მათი პერსონალური დამხმარე შეისწავლის მძღოლის უპირატესობებსა და დანიშნულების ადგილებს. IPA განსაკუთრებით შეისწავლის, თუ რა ტემპერატურაზე აყენებთ კლიმატ-კონტროლის სისტემას, როდის რთავთ სავარძლების გათბობას ან როდის მიდიხართ სამსახურში.
გარდა ამისა, მომხმარებლები სისტემასთან კონტროლს ნაკლებად მკაცრი ხმოვანი ბრძანებებით შეძლებენ. როგორც BMW განმარტავს, მძღოლს მარტივად შეუძლია წარმოთქვას „Hey BMW, მცივა“ და მანქანა ავტომატურად დააყენებს კლიმატ-კონტროლის სისტემას მაღალ ტემპერატურაზე.
გარდა აუდიო და კლიმატის სისტემების კონტროლისა, პერსონალურ დამხმარეს ასევე შეეძლება უპასუხოს ისეთ კითხვებს, როგორებიცაა მაგალითად, „როგორ მუშაობს შენი სისტემა?“, „არის თუ არა ზეთის დონე საკმარისი?“. ასევე, მომხმარებლებს შეეძლებათ უბრალოდ თქვან, „Hey BMW, დავიღალე“ და დაუყოვნებლივ გააქტიურდება სისტემა, რომელიც განათებას, აუდიოსისტემასა და კლიმატ-კონტროლის სისტემას ისე დააყენებს, რომ მძღოლი უფრო გამოფხიზლდეს.
BMW ახალ პროდუქტს „იდეალურ მეორე მძღოლს“ უწოდებს. მომხმარებლებს ასევე შეეძლებათ მას უახლოესი ბენზინგასამართი სადგურის ან პარკირების ადგილის მოძებნაც დაავალონ. გარდა ამისა, სისტემა მძღოლს წაუკითხავს იმეილებს და Skype for Business-ის საშუალებით ტელეკონფერენციებში ჩართვის საშუალებასაც მისცემს.
ახალი ჭკვიანი პერსონალური დამხმარე 2019 წლის მარტში გამოჩნდება და ექნება 23 ენის მხარდაჭერა. ხელმისაწვდომი იქნება BMW-ს ოპერაციული სისტემის 7.0 ვერსიებზე, X5, Z4 და 8-სერიებზე. ამას გარდა, არჩევითი სახით, სისტემა წარმოდგენილი იქნება ყველა ახალ 3-სერიაში, სამი წლის განმავლობაში.
სისტემის გაშვებამდე რამდენიმე თვე რჩება, მაგრამ როგორც BMW აცხადებს, მისი შესაძლებლობები რეგულარული განახლებების სახით მუდმივად დაიხვეწება.