მეორე თაობის Nissan Juke 2019 წლის დასაწყისში გამოჩნდება

უახლოეს რამდენიმე თვეში, მსოფლიოს წინაშე მეორე თაობის Nissan Juke წარსდგება. კომპანიის გლობალური დიზაინის ხელმძღვანელის განცხადებით, მანქანის დიზაინი Nissan-ის ყველა სხვა მოდელისგან აბსოლუტურად განსხვავებული იქნება.

 

გამოცემა Autocar-თან საუბრისას, ალფონსო აბაისამ განაცხადა, რომ ავტომობილი Nissan-ის ლონდონის სტუდიაში დაპროექტდა და უარყო გავრცელებული ჭორები, რომლის მიხედვითაც, შექმნის პროცესში მანქანის რედიზაინი მოხდა.

 

„ის არ ემსგავსება არც Imx-ს და არც ახალ Leaf-ს. ის იქნება ნამდვილი ურბანული მეტეორი საოცარი მახასიათებლებით. ახალი Juke სულ მალე გამოვა. მანქანა მართლა ძალიან მაგარია და მოწოდების სიმაღლეზე იმყოფება“, — აღნიშნა აბაისამ.

 

 

ახალ Juke-ს მსოფლიო უკვე თითქმის სამი წელია ელოდება. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ის ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა გამოსულიყო, მაგრამ უცნობ მიზეზთა გამო ასე არ მოხდა.

 

პირველი თაობის Juke-მა პოპულარობა გამოსვლისთანავე მოიპოვა, განსაკუთრებით ევროპაში. ამის ერთ-ერთი მიზეზი უდავოდ არის მისი უნიკალური სტილი.

 

„პირველ ჯერზე საქმე გაცილებით მარტივად იყო, რადგან ბაზარზე მსგავსი არაფერი არსებობდა. წარმატება მართლაც უზარმაზარი აღმოჩნდა. მეორე თაობა არ იქნება პირველის მსგავსი, ანუ ევოლუციური, მაგრამ მაინც Juke იქნება“, — ამბობს ალფონსო აბაისა.

 

გავრცელებული ინფორმაციით, ახალი Juke დაფუძნებული იქნება Renault-Nissan-Mitsubishi-ის V-platform-ის გაწელილ ვერსიაზე. ამავე ინფორმაციის თანახმად, ძრავები ნასესხები იქნება Nissan -ის ოჯახიდან, კერძოდ Micra-სა და Qashqai-სგან, 0.9-ლიტრიანი სამცილინდრიანი ტურბოძრავი და 1.2-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი ასევე ტურბოძრავი.  გარდა ამისა, ხელმისაწვდომი იქნება 1.5-ლიტრიანი ოთხცილინდრიანი დიზელის ვერსია.

 

მეორე თაობის Nissan Juke-ის წარმოება 2019 წელს დაიწყება.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია