ავტოპილოტი მანქანების სფეროს წარმომადგენელთა თქმით, პრობლემას ქვეითები ქმნიან

მიუხედავად იმისა, რომ ავტოპილოტი მართვის ტექნოლოგიამ გზებზე უკვე რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, ამ ინდუსტრიის ზოგიერთი წარმომადგენელი ფიქრობს, რომ პროგრამირების გაუმჯობესება მანქანებს კი არ სჭირდებათ, არამედ დამნაშავენი ქვეითები არიან.

 

საინტერესოა, კონკრეტულად რაში მდგომარეობს პრობლემა? ცხადია, ფაქტია ის, რომ ადამიანი შეიძლება არაპროგნოზირებადი იყოს და მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც სრულიად ალოგიკური იქნება ლოგიკაზე დაფუძნებული სისტემისთვის, ანუ ხელოვნური ინტელექტისთვის.

 

„ხალხს ვეუბნებით, რომ იყვნენ კანონზომიერნი და ყურადღებიანი“, — ამბობს ამ ინდუსტრიაში მოღვაწე მანქანური სწავლების მკვლევარი ენდრიუ ენჯი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, იგი ქვეითებს მოუწოდებს, არ გადაკვეთონ ქუჩა უადგილო ადგილას.

 

ზოგადად ფაქტი, რომ ზოგიერთი ადამიანი გარკვეული ტექნოლოგიის არასრულყოფილებას ხალხს აბრალებს, უკვე იმაზე მიუთითებს, თუ რამხელა სამუშაოა ჩასატარებელი ამ ტექნოლოგიის დასახვეწად.

 

„ხელოვნური ინტელექტი, რომელიც ჩვენ რეალურად გვჭირდება, ჯერ არ არსებობს“, — ამბობს ნიუ-იორკის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი გარი მარკუსი, რომელიც იკვლევს როგორც ადამიანებს, ისე ხელოვნურ ინტელექტს.

 

მისი თქმით, ენჯის მსგავსი ადამიანები „მიზნებს არასწორად აფასებენ, რათა სამუშაო გაიმარტივონ“;

 

უსაფრთხო ავტოპილოტი მანქანების შექმნისათვის კი „საჭიროა სრულიად გამოვყოთ ისინი ადამიანი მძღოლებისა და ქვეითებისაგან, როგორც ეს მატარებლების შემთხვევაშია“.

 

ავტოპილოტი მანქანებისადმი ენჯის მიდგომას აკრიტიკებს მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის რობოტიკის მკვლევარი როდნი ბრუკსიც.

 

„ავტოპილოტი მანქანების უდიდესი დაპირება ის იყო, რომ ისინი მოსპობდნენ გზებზე სიკვდილიანობას. ახლა კი ამბობენ, რომ გზებზე სიკვდილის შემთხვევები მაშინ გაქრება, როცა ყველა ადამიანს ვასწავლით, როგორ შეიცვალოს ქცევა? რა მოხდა?“, — აღნიშნავს იგი.

 

მაგრამ ენჯი იქვე შენიშნავს, რომ ახალი ტექნოლოგიების საპასუხოდ, ადამიანები ქცევას ყოველთვის იცვლიან.

 

„თუკი დააკვირდებით რკინიგზის განვითარებას, აღმოაჩენთ, რომ ადამიანთა უმეტესობამ ისწავლა, არ დადგეს ლიანდაგებთან“.

 

მისი თქმით, ხალხმა ასევე ისწავლა, რომ სკოლის ავტობუსები ხშირად ჩერდებიან და როცა ასე ხდება, პატარა ბავშვები ავტობუსის წინ, გზაზე გადარბიან, რაც მძღოლებს აიძულებს, ავტობუსთან მიახლოებისას გაცილებით ფრთხილად ატარონ მანქანა. მისი აზრით, სწორედ ასე უნდა იყოს ავტპილოტი მანქანების შემთხვევაშიც.

 

მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარის არგუმენტები საფუძვლიანია, ნათლია, რომ იმისათვის, რათა ტექნოლოგიამ ისე იმუშაოს, როგორც ჩაფიქრებული იყო, საჭიროა ეს ორი ფილოსოფია სადღაც შუაში დაემთხვეს ერთმანეთს.

 

„იმისათვის, რათა ადამიანებმა კარგად გაიცნონ ეს სატრანსპორტო საშუალებები, მათთან ურთიერთობისა და გამოყენებისათვის, საჭიროა სწორი საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება“, — ამბობს მოწინავე სატრანსპორტო საშუალებათა სისტემების მკვლევარი სუჩისინიგდჰა დები.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია