ავსტრალიელი მეცნიერების გამოგონება წყალბადის ავტომობილების ინდუსტრიაში გარღვევას მოახდენს

საწვავი წყალბადის ინდუსტრიის წინაშე არსებულ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად ამჟამად მისი ტრანსპორტირება და შენახვა რჩება. თუმცა, ერთა თანამეგობრობის სამეცნიერო და სამრეწველო კვლევების ორგანიზაციის (CSIRO) მეცნიერებმა შესაძლოა, ეს პრობლემა ბოლოსდაბოლოს გადაჭრან და გზა გაუხსნან ავსტრალიიდან ამ საწვავის ექსპორტს.

 

მსოფლიოს ისეთი უდიდესი ავტომწარმოებლები, როგორებიცაა Toyota, Hyundai და BMW, წყალბადს მომავლის საწვავის წყაროდ მიიჩნევენ.

 

CSIRO-ს მეცნიერებმა შექმნეს ტექნოლოგია, რომელიც მანქანებს წყალბადით ავსებს ამიაკის საშუალებით.

 

ავსტრალიის კუინზლენდის შტატში წარმოებულ ულტრა-სუფთა წყალბადი წარმატებით გამოიყენეს ამ ელემენტზე მომუშავე ორ ავტომობილში, Toyota Mirai-სა და Hyundai Nexo-ში.

 

ელექტრომობილებისგან განსხვავებით, წყალბადის ავტომობილების საწვავით შევსება სულ რამდენიმე წუთშია შესაძლებელი და თანაც, მანქანები თითქმის ორჯერ მეტ მანძილს გადიან. გარდა ამისა, ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ სულ უფრო მცირდება განახლებადი წყალბადის ღირებულება და მისი ფასი წიაღისეული საწვავისთვის უკვე კონკურენტუნარიანი ხდება.

 

CSIRO-ს აღმასრულებელი დირექტორის, დოქტორ ლარი მარშალის განცხადებით, სპეციალური მოდულის მეშვეობით, ეს ტექნოლოგია საშუალებას იძლევა საკმაოდ დიდი ოდენობის წყალბადის ტრანსპორტირება მოხდეს ამიაკის ფორმით, შემდეგ კი, უშუალოდ მოხმარების წინ, ის კვლავ წყალბადად გარდაიქმნას.

შედეგად, საბოლოოდ ამოივსება საწვავად წყალბადის გამოყენების ტექნოლოგიებში არსებული ნაპრალი.

 

CSIRO-ს მიერ შექმნილი სპეციალური გარსი  ამიაკისგან გამოაცალკევებს ულტრა-მაღალი სისუფთავის წყალბადს, სხვა დანარჩენ აირებს კი ბლოკავს. მისი საშუალებით გადაიჭრება თხევადი ამიაკის საშუალებით წყალბადის ტრანსპორტირების ამჟამად არსებული კომპლექსის პრობლემა.

 

კვლევები ავსტრალიის ხელისუფლებამ 1,7 მილიონი ავსტრალიური დოლარით დააფინანსა. CSIRO-მ ტექნოლოგია რამდენიმე დღის წინ, ავსტრალიის ქალაქ ბრისბენში წარმოადგინა.

 

ერთა თანამეგობრობის სამეცნიერო და სამრეწველო კვლევების ორგანიზაცია (CSIRO) წყალბადის ტექნოლოგიის ჯაჭვის სხვა სეგმენტებზეც მუშაობს, მათ შორის აღსანიშნავია წყლის ელექტროლიზი და წყალბადის წარმოება.

 

აღსანიშნავია, წყალბადზე მომუშავე ავტომობილებზე ყველაზე დიდ ძალისხმევას სამხრეთ კორეა ხარჯავს — 5-წლიანი გეგმის მიხედვით, ამ ქვეყნის გზებზე 16 000 ასეთი ავტომობილი უნდა გამოჩნდეს.  

 

წყალბადის ტექნოლოგიებზე აქტიურად მუშაობს მსოფლიო გიგანტი Toyota-ც, რომელიც 2016 წლიდან ამ საწვავზე მომუშავე 5 ავტომობილს ტესტავს.

 

© სან პეტროლიუმ ჯორჯია