2018 წელს ევროპაში Toyota-ს გაყიდვების ნახევარი ჰიბრიდებზე მოდის

Toyota Motor Europe-ის ცნობით, 2018 წლის პირველ ნახევარში, ევროპაში გაყიდვები მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

ამ პერიოდში იაპონურმა ავტომწარმოებელმა 560 000 მანქანა გაყიდა, რაც 6 პროცენტით აღემატება გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემებს. გარდა ამისა, 5 პროცენტით გაიზარდა კომპანიის სრული საბაზრო წილიც.

აღსანიშნავია, რომ გაყიდვებში შთამბეჭდავი წილი კომპანიის ჰიბრიდულ მოდელებზე მოდის. Toyota Motor Europe-მა ევროპაში 257 000 ასეთი მანქანა გაყიდა, 23 პროცენტით მეტი შარშანდელთან შედარებით. საერთო ჯამში, ბებერ კონტინენტზე Toyota-ს გაყიდვების 46 პროცენტი უკვე ჰიბრიდებზე მოდის.



კიდევ ერთი საყურადღებო დეტალი ის არის, რომ Toyota-ს ჰიბრიდების გაყიდვები უფრო შთამბეჭდავია დასავლეთ ევროპაში — მთლიანი გაყიდვების 58 პროცენტი.

7 პროცენტით არის გაზრდილი Lexus-ის გაყიდვებიც, რომლის წილიც მთლიანობაში 62 პროცენტია, დასავლთ ევროპაში კი 99%.

„ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ელექტრიფიკაციის წარმატებული სტრატეგიის შედეგად, წლის პირველ ნახევარში ჩვენი პოზიციები ასე გაუმჯობესდა. ჩვენი თვითდამუხტვადი ჰიბრიდული ხაზი მოიცავს Toyota-სა და Lexus-ის 16 მოდელს და მათზე ახლა მთლიანი გაყიდვების 46 პროცენტი მოდის. ვვარაუდობ, რომ ეს ტენდენცია წლის ბოლომდე გაგრძელდება“, — ამბობს Toyota Motor Europe-ის პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი იოჰან ვან ცილი.



რეგიონში Toyota-ს ყველაზე გაყიდვადი მოდელიაYaris supermini. სულ გაყიდულია 123 266 ერთეული, მათ შორის 66 306 ჰიბრიდია. კარგი შედეგები აქვს კროსოვერ C-HR-საც, გაყიდულია 78 369 ერთეული, მათგან 67 194 ავტომანქანის ჰიბრიდული ვერსიაა.

2018 წლის პირველ ნახევარში ევროპაში Lexus-ის ყველაზე პოპულარული მოდელი კროსოვერი NX აღმოჩნდა, გაიყიდა 15 365 ერთეული, საიდანაც 10 755 ჰიბრიდია.

© სან პეტროლიუმ ჯორჯია